Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ დროისათვის საქართველოში ხანძრის 6 აქტიური კერაა


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ამ დროისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 6 აქტიური კერაა. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს, ბალახსა და ფოთლებს. სამსახური იუწყება, რომ 4-გან ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

24 დეკემბრის დილისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხანძრის 10 კერის შესახებ ავრცელებდა განცხადებას. აღნიშნულ ათივე კერაზე ვითარება ამ დროისათვის ასეთია:

  • მარნეული - სოფელი ახკერპი. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლიკვიდირებულია.
  • სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სოფელ ირგანჩაისთან მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აქრობდნენ ხანძარს. პროცესში ჩართული იყო 20-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლიკვიდირებულია.
  • თიანეთი - სოფელი ჩაბანო. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლიკვიდირებულია.
  • დუშეთი - სოფელ ახალი ტონჩა. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლიკვიდირებულია.
  • ვანი - სოფელი ძულუხი. იწვის ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მობილიზებულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლოკალიზებულია.
  • ქვემო-ქართლი - უკანგორში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია 140-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
  • მარტვილი - სოფელი ბალდი. ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 50 მეხანძრე-მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დილიდან აქტიურად განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
  • ცაგერი - სოფელ საირმესთან, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. საირმესთან მუშაობს 60 მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
  • ლანჩხუთი - სოფელ მამათთან გაჩენილ ხანძარს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.
  • წალენჯიხა - სოფელ მუჟავასთან, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იწვის ბალახი. მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ხანძრის ყველა აქტიურ კერასთან სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, არ არსებობს ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე.

გახშირებული ხანძრების მიზეზად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ქვედა საფარის გამოშრობას ასახელებს:

„ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომა და დეკემბერიც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს.
მსგავს შემთხვევებში, სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი აძნელებს. კერებამდე ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მისვლა. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ“,
- აღნიშნულია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG