Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე უცნაური საახალწლო სიმღერა


ამერიკელ მუსიკოსებს უამრავი შეუფერებელი საშობაო და საახალწლო სიმღერა დაუწერიათ. როგორც წესი, უგულო და ცინიკური მცდელობებია, დღესასწაულებზე ორიოდე დოლარი რომ გააკეთონ. თუმცა, ეს ალბომი ამ ფონზეც კი მეტისმეტად უადგილო ჩანს.

ხმის ჩამწერმა კომპანია Death Row-მ, რომელიც თავის დროზე აშშ-ის დასავლეთი სანაპიროს უპირველესი ჰიპ-ჰოპ ლეიბლი გახლდათ 1996 წელს Christmas on Death Row გამოუშვა - კომპილაცია, სადაც განგსტერი რეპერები სანტა კლაუსს და შობას უმღერიან.

ეს დისკი თავიდან ბოლომდე ალბათ არავის მოუსმენია. თუმცა, ჰიპ-ჰოპის მოყვარულებმა ალბათ იციან სნუპ დოგის და მისი მეგობრების Santa Claus Goes Straight to the Ghetto („სანტა პირდაპირ გეტოში მიდის“) - სათაურში მოხსენიებული ყველაზე უცნაური საახალწლო სიმღერა.

თავად სათაური მაინცდამაინც უცნაური არ არის - გადაძახილია ჯეიმს ბრაუნის კლასიკურ ტრეკზე, სადაც ფანკის მამა სანტას სთხოვს: „მე არაფერი მინდა, პირდაპირ გეტოში წადი და ბავშვებს დაეხმარეო“. თუმცა, სნუპ დოგის ტრეკში იმ სიმღერიდან სათაურის მეტი არაფერია დარჩენილი.

თითქოს სერიოზული ტრეკია, თუმცა, კლიპს რომ ნახავ, რთულია არ გაგეცინოს - კომპტონელი „ძველი ბიჭები“ ლოს-ანჯელესს კადილაკით გადაუფრენენ და რაღაც გაურკვეველ ნივთიერებას მიმოაფრქვევენ ქალაქს.

ტექსტიც ამ რეპერებისთვის მაშინ ჩვეული თემატიკისგან - განგსტერობისგან, იარაღისგან და ნარკოტიკებისგან შორს არაა წასული, თუმცა აქა-იქ საშობაო განწყობის შექმნასაც ცდილობენ.

ადვილად დასავიწყებელი სიმღერა იქნებოდა, მაგრამ, მიუხედავად თემის აბსურდულობისა და, ზოგადად, შემსრულებლების არასაშობაო ჰაბიტუსისა, დროდადრო მისი მოსმენა მაინც შეიძლება მოგინდეს კაცს.

მეორე რიგში იმიტომ, რომ სნუპი დოგი მაშინ ფორმაში როცა არ იყო, მაშინაც კი ძალიან მაგარი იყო.

პირველ რიგში კი ბიტის გამო. რა ბასია, ბიჭო, რა ბასი!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG