Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუკზე“ წერს:

„აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა:

1. მხარს ვუჭერთ უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს.

2. მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს.

3. მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ.

4. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით.

5. აშშ გააგრძელებს, თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად.

პირველი: ზოგადი მესიჯი, - მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის ძალიან პოზიტიური შეფასება.

მეორე და მესამე: საქართველოში ბოლო დროის ყველაზე აქტუალური თემების (სასამართლო რეფორმის და მიმდინარე დიალოგის) პოზიტიური შეფასება.

მეოთხე და მეხუთე: მომავალზე ორიენტირებული მესიჯები, - მოწოდება მიღწეული პროგრესის განმტკიცებაზე და ხელშეწყობის გაგრძელების დაპირება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ განცხადებასაც კი ნეგატიურ შეფასებას არქმევს, ანუ იტყუება იმის შესახებ, რაც ხალხის თვალწინ დევს და შავით თეთრზე წერია, ჩანს!..
წარმოიდგინეთ, რაც ასე აშკარად არ ჩანს და პოლიტიკოსებისგან უნდა გაიგოს ხალხმა, იმაზე რას აკეთებენ...“

აშშ საქართველოს მთავრობას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მოუწოდებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მორგან ორტაგუსის მიერ 23 დეკემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს: „ჩვენს ქებას იმსახურებს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ბოლოდროინდელი პროგრესი და მხარს ვუჭერთ საარჩევნო რეფორმის გარშემო მიმდინარე დიალოგს მმართველი პარტიისა და ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებს შორის“.

აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG