Accessibility links

logo-print logo-print

ატენის ხეობაში ხანძარს ვერტმფრენიდანაც აქრობენ


სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მახლობლად 24 დეკემბერს გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. დღეს, 25 დეკემბერს დილით, ვერტმფრენმა მეხანძრე-მაშველებისთვის სპეციალური ავზების საშუალებით ხანძრის კერებთან დამატებითი წყალი აიტანა, რათა ადგილზე მუშაობა არ შეფერხდეს.

ხანძრის რაიონში მობილიზებულია 200 მეხანძრე-მაშველი. ადგილზე მუშაობს ეროვნული სატყეო სააგენტოს 15 თანამშრომელიც. დრონის გამოყენებით მიმდინარეობს ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი. სოფელ ორმოცის მიმდებარედ მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა.

ხანძრის გამო შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG