Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ესეთი სულიერი მამა ჰყავს


ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან (საარქივო ფოტო)
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან (საარქივო ფოტო)

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქს მიულოცა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა: „ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან ორმოცდამეორე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს ორმოცდაორი წელი. როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წლის წინ, თუ გნებავთ, და ორმოცდაორი წლის განმავლობაში უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. უდიდესია ჩვენი დედა-ეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას და ძალიან ხშირად ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდათ“.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „დღესაც რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ გადავლახოთ ყველა გამოწვევა და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ესეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს“.

ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის ტაძარში აკურთხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG