Accessibility links

logo-print logo-print

მოძრაობა „გაბედეს“ წევრსა და გოგი წულაიას 1000-1000 ლარით დაჯარიმება ემუქრებათ


გაგი ახალაძე

მოძრაობა „გაბედეს“ წევრს გაგი ახალაძეს და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გოგი წულაიას 1000-1000 ლარით დაჯარიმება ემუქრებათ. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შესაბამისი მოთხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, მიმართვის მიზეზი კი გახდა 11 დეკემბერს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან გამართული აქცია-პერფორმანსი.

ქუთაისის მერია „გაბედეს“ აქტივისტს და გოგი წულაიას ედავება პერფორმანსისას დეკორატიულ ნარგავებზე პლაკატების თვითნებურად განთავსებას.

11 დეკემბერს „გაბედეს“ აქტივისტებმა, პერფორმანსით „ბიძინას სათამაშოები“ ქუთაისის ცენტრალური ნაძვის ხეზე ხელნაკეთი სათამაშოების დაკიდება სცადეს. სათამაშოები ფერადი ქაღალდებით და მინისტრებისა და მთავრობის წევრების სურათებით იყო დამზადებული.

მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და აქტივისტებს ნაძვის ხეზე „სათამაშოების“ დაკიდების უფლება არ მისცეს, „გაბედეს“ წევრებმა ხელნაკეთი სათამაშოები იქვე, მცირე ზომის ნარგავებზე ჩამოკიდეს. პერფორმანსს შეუერთდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაიაც.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან ჯარიმის შესახებ შეტყობინება გაგი ახალაძემ და გოგი წულაიამ 24 დეკემბერს მიიღეს. 25 დეკემბერს კი „გაბედეს“ აქტივისტებმა დაჯარიმების ფაქტი ქუთაისის მერიის წინ გააპროტესტეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მერის ქმედება არის დაშინების მცდელობა და შერჩევითი სამართლის გამოხატულება. „გაბედეს“ აქტივისტების თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში კანონსაწინააღმდეგოდ არ შეიძლება ჩაითვალოს მცირე ზომის ფურცლებისა და მათზე გამოსახული პოლიტიკოსების სურათების გაკვრა.

„გაბედეს“ აქტივისტების პროტესტს შეუერთდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG