Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქრაძე პრეზიდენტს საზღვრების შესახებ: როგორ შეიძლება ილაპარაკო შენს ნაწილთან საზღვრებზე?


დავით ბაქრაძე, სალომე ზურაბიშვილი
დავით ბაქრაძე, სალომე ზურაბიშვილი

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე სიბრიყვედ და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დამაზიანებელ მავნებლობად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაკეთებულ შემდეგ განცხადებას: „ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს, როგორც პრობლემური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან“.

საგანგებო ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება პრეზიდენტის ამ გამონათქვამის კონტექსტის ან ქართულის არასრულფასოვნად ცოდნით გამართლება:

მე მაინტერესებს, რომელი კონტექსტის არცოდნით შეიძლება გამართლდეს ის, რაც ამ ქვეყანაში იცის ნებისმიერმა პირველკლასელმა ბავშვმა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს ნაწილი, ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი.

როგორ შეიძლება ილაპარაკო შენს ნაწილთან საზღვარზე. ეს იგივეა, ილაპარაკო საქართველოსა და კახეთს ან საქართველოსა და გურიას შორის საზღვარზე. რომელი კონტექსტით, ან რომელი ფრანგულით, ან რომელი საკითხის არცოდნით შეიძლება გამართლდეს ასეთი რამ? რითი შეიძლება გამართლდეს, როდესაც ერთ სიბრტყეზე აყენებ საოკუპაციო ხაზს, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოში არავის მიერ რუსეთის გარდა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს შენს მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მოითხოვს, მთავრობამ ოფიციალურად უარყოს სალომე ზურაბიშვილის განცხადება და თქვას, რომ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებთან არანაირი საზღვარი არ აქვს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 დეკემბერს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის პრობლემური მონაკვეთის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

პრეზიდენტმა ილაპარაკა, მის მიერ წამოჭრილი თემა რამდენად კოორდინირებული იყო საქართველოს მთავრობასთან.

„ჯერ ერთი, ყველა მოქმედება საგარეო კუთხით არის შეთანხმებული, კონსტიტუცია ამას მოითხოვს. მეორე, პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი უშუალოდ ტერიტორიის მთლიანობაზე და მათ შორის საზღვრებზე. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვინდა - ხან NATO-ში შესვლა, ხან - ევროკავშირში. ყველა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც გვიწერია კონსტიტუციაში, დამოკიდებული არის იმაზე, ჩვენს სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი აღიარებული საზღვრები. ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს, როგორც პრობლემატური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG