Accessibility links

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 1 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე გამოძიება დაიწყო 46 საქმეზე


1 ნოემბერს ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აპარატის საგამოძიებო მექანიზმი. მის უფლებამოსილებაში შედის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან რადიო თავისუფლების მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 2019 წლის 1 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე გამოძიება დაიწყო 46 სისხლის სამართლის საქმეზე.

  • 46-დან 39 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მუხლი 333. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით);
  • 2 საქმეზე - 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება; ძალადობით ან იარაღის გამოყენებით) და 335-ე მუხლის პირველი ნაწილით (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება.1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება განმარტების ან ჩვენების მიცემისათვის ანდა ექსპერტისა - დასკვნის მიცემისათვის);
  • 2 საქმეზე - 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით:

ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ე) ჯგუფურად;

ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ;

  • 1 საქმეზე 144-ე ტერცია მუხლის (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, და „ზ“ ქვეპუნქტებით:

ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ);

  • 2 საქმეზე - 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა; 2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი);

აღსანიშნავია, რომ მითითებულ პერიოდში საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმებზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.

გამოთხოვილი ინფორმაცია არ მოიცავს 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის საქმეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 17 დეკემბერს დაკავებულ პოლიციის უფროს გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG