Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საზეიმოდ აღარ აინთება


ჩაქვში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ბათუმის მერიამ საზეიმო ღონისძიება გააუქმა. 25 დეკემბერს ბათუმის მერიას დაგეგმილი ჰქონდა საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება. ქალაქში რამდენიმე ადგილას კონცერტები უნდა გამართულიყო, საღამოს კი ფეიერვერკს გაუშვებდნენ.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქში ყველა ეს ღონისძიება გაუქმდა და ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში, 25 დეკემბერს, აღარ აინთება. წინასაახალწლოდ დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ კი დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე კი სხვა საღამოს განათდება საზეიმო ღონისძიების გარეშე, გვითხრეს ბათუმის მერიაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა კი აჭარაში, ჩაქვისთავში, მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ავტომობილი ხრამში 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან სკოლის მოსწავლეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG