Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძრის კერებია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც


ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ხანძრის ათამდე კერაა. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარებაა ცხინვალის მახლობლად, მთაზე მდებარე ტყეში, სადაც სახანძრო ტექნიკა ვერ აღწევს და მეხანძრეებს ცეცხლის კერამდე ფეხით მისასვლელად ერთი საათი დასჭირდათ. ხანძარია ახალგორის და ზნაურის რაიონებშიც.

აფხაზეთში ხანძრის კერებია გაგრის, გუდაუთის და გულრიფშის რაიონების ტყეებში. დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო შექმნილ ვითარებას რთულს უწოდებს. დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. მინისტრს, ლევ კვიცინიას დაავალა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩართოს ძალოვანი უწყებების პირადი შემადგენლობა.

საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ბოლო დღეებში ხანძრის სულ მცირე ათი კერა გაჩნდა - შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა ატენის ხეობის სოფელ ორმოცთან მდებარე ტყეში, სადაც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების და თავდაცვის სამინისტროს ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო. 25 დეკემბრის ღამის მდგომარეობით, ატენის ხეობაში ხანძრის 5 ზონიდან 4 ლიკვიდირებული იყო, ერთი კი, ლოკალიზებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, რომ ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომა და დეკემბერიც მშრალი ამინდებით გამოირჩევა, რის შედეგადაც ტყის ქვედა საფარი გამომშრალია და ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს.

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს, განსაკუთრებით ტყეში გასულ მწყემსებს და მონადირეებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ დაუდევრობამ ბუნებას შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG