Accessibility links

site logo site logo

ფინანსთა სამინისტროს ინკასო ტელეკომპანია "კავკასიასთან" გააპროტესტეს


ტელეკომპანია „კავკასია“-სთან აქცია გამართეს სამოქალაქო მოძრაობების,„შეცვალე“-ს და „სირცხვილია“-ს აქტივისტებმა. მათ გააპროტესტეს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება სამი ტელეკომპანიის ანგარიშებისთვის ინკასოს დადების შესახებ.

აქციაში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარიაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი, "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გუბაზ სანიკიძე და „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია.

"ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დასაჯოს ტელეკომპანიები, რომლებიც არ ასრულებენ მის დავალებებს, არ ასრულებენ სახელმწიფო ნარატივს, არ მოქმედებენ ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილს სურს და ამავდროულად ჩვენ ვხედავთ სამთავრობო ნარატივის მქონე ტელევიზიებს, რომლებსაც მილიონობით ლარი აქვთ ვალი, მაგალითად, „იმედს“ სამოც მილიონ ლარზე მეტი აქვს ვალი, და საერთოდ არანარი პრობლემა არ ექმნება, პირიქით, სათათბურე პირობები აქვს შექმნილი," - განაცხადა აქტივისტმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა. მან მიზნად დაასახელა დაცვა ყველა ტელეკომპანიისა, „რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს“.

"ჩვენ ვითხოვდით სამართლიან მიდგომას, ჩვენ ვითხოვდით თანასწორობას და პასუხად მივიღეთ ინკასო. მე მაქვს ერთადერთი კითხვა ამ ეტაპზე, რატომ არ ადევს ინკასო "იმედის" ანგარიშებს და "მაესტროს" ანგარიშებს, რომელზეც პასუხს არავინ არ ამბობს“, - განაცხადა „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა.

ტელეკომპანია "იმედი" ბიუჯეტის წინაშე მიმდინარე დავალიანების არსებობას უარყოფს.

25 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო „კავკასიის“, „TV პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ანგარიშებს. მანამდე, 23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აფრთხილებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მქონე ტელეკომპანიებს და ერთი დღის ვადას აძლევს 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხის დასაფარად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG