Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგი წულაია „სათამაშოს“ ჩამოკიდებისთვის  დაჯარიმებას აპროტესტებს


გოგი წულაიას აქცია ქუთაისის თეატრთან
გოგი წულაიას აქცია ქუთაისის თეატრთან

„ფრთხილად!!! კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია“, - ამ შინაარსის პლაკატი მიიტანა პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ 26 დეკემბერს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის მიმდებარედ იმ ნარგავებთან, რომელთა იერსახის დამახინჯებისთვის იგი შესაძლოა 1000 ლარით დაჯარიმდეს.

„ხის მოჭრა ისჯება 500 ლარით და ბუჩქზე რამის დაკიდება 1000 ლარით, ვაი თქვენს პატრონს, უბედურს! - ეწერა პლაკატზე. გოგი წულაიას მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტებიც შეუერთდნენ.

გოგი წულაია და გაბედეს აქტივისტს გაგი ახალაძეს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისგან მიუვიდათ შეტყობინება, რომლის მიხედვით, მათ 1000-1000 ლარით დაჯარიმება ემუქრებათ. ზედამხედველობის სამსახურმა შესაბამისი მოთხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მიმართვის მიზეზი გახდა 11 დეკემბერს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან გამართული აქცია-პერფორმანსი.

11 დეკემბერს „გაბედეს“ აქტივისტებმა, პერფორმანსით „ბიძინას სათამაშოები“ ქუთაისის ცენტრალური ნაძვის ხეზე ხელნაკეთი სათამაშოების დაკიდება სცადეს. სათამაშოები ფერადი ქაღალდებით და მინისტრებისა და მთავრობის წევრების სურათებით იყო დამზადებული. პერფორმანსს შეუერთდა გოგი წულაიაც.

მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და აქტივისტებს ნაძვის ხეზე „სათამაშოების“ დაკიდების უფლება არ მისცეს, „გაბედეს“ წევრებმა და გოგი წულაიამ ხელნაკეთი სათამაშოები იქვე, მცირე ზომის ნარგავებზე ჩამოკიდეს.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან ჯარიმის შესახებ შეტყობინება გაგი ახალაძემ და გოგი წულაიამ 24 დეკემბერს მიიღეს. შესაძლო დაჯარიმების ფაქტი 25 დეკემბერს „გაბედეს“ აქტივისტებმა გააპროტესტეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG