Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციის 42-ე მუხლი: 11 წლის ბავშვი იძულების მსხვერპლი გახდა


არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" თანახმად, 19 დეკემბერს კიდევ ერთი არასრულწლოვანი, 11 წლის ბიჭი გახდა იძულების მსხვერპლი. არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, 11 წლის ნ.ა. სკეიტბორდით წაიქცა და დაეჯახა მეტრო ,,ახმეტელის თეატრის'' მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ცენტრის კარის მინას. მინა გაიბზარა. არასრულწლოვანმა განმარტა, რომ სცადა ფეხით მიმავალ ქალს არ დაჯახებოდა, თავი ვერ შეიკავა და კარის მინასაც ამ მომენტში დაეჯახა:

„ბავშვი შეაჩერეს დაცვის თანამშრომლებმა, რის გამოც ნ.ა.-მ დაიწყო ტირილი, თუმცა იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ აიყვანეს შენობის მე-2 სართულზე მდებარე დაცვის უფროსის ოთახში. ბავშვის თხოვნის მიუხედავად, მას არ დაალევნეს წყალი, მარტო დატოვეს უფანჯრო ოთახში, რა დროსაც ბავშვს ეგონა, რომ იყო დაკავებული.

არასრულწლოვანი დაცვის ოთახში გააჩერეს მშობლების მოსვლამდე. დაცვის თანამშრომლებმა მშობლებს მოსთხოვეს ზიანის ანაზღაურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პატრულის გამოძახებით დაემუქრნენ. ბავშვის მამა იძულებული გახდა ხელწერილი დაეწერა ზიანის ანაზღაურებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ბავშვის გათავისუფლებაც“, - აღნიშნულია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" განცხადებაში.

გამოძიება ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს იძულებას, ანუ „ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მისი ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება“,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

არასრულწლოვნის მიმართ აღნიშნული ქმედების განხორციელება 18 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლოში 11 წლის მოზარდის უფლებებს კონსტიტუციის 42-ე მუხლის ადვოკატი დაიცავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG