Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტორპედოს“ თანამშრომლებმა და გულშემატკივრებმა აქცია მერიასთან გამართეს


ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია აქციის მონაწილეებს შეხვდა
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია აქციის მონაწილეებს შეხვდა

ქუთაისის საფეხბურთო კლუბის „ტორპედოს“ გულშემატკივრებსა და ქალაქის მერს შორის დახურული შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. გიორგი ჭიღვარიას კლუბის მხარდამჭერები 26 დეკემბერს მერიასთან გამართული აქციის შემდეგ შეხვდნენ.

კლუბ „ტორპედოს“ თანამშრომლებმა, მხარდამჭერებმა, კლუბის ბაზაზე მოქმედი ბავშვთა აკადემიების ფეხბურთელებმა და მშობლებმა მუნიციპალიტეტის მერიასთან გააპროტესტეს „ტორპედოში“ არსებული პრობლემები. აქციის მონაწილეებმა მერიისგან ახალი ინვესტორის მოძიების შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის მიღება და იმ დაპირების შესრულება მოითხოვეს, რომლის მიხედვით, კლუბის თანამშრომლებს ხელფასი ახალ წლამდე უნდა მიეღოთ.

როგორც მერთან შეხვედრის შემდეგ „ტორპედოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ედო ბოლოდაშვილმა განაცხადა, გიორგი ჭიღვარიამ მათ განუმარტა, რომ დასკვნით ეტაპზეა მოლაპარაკება იტალიის მოქალაქესთან, რომელიც კლუბის შესყიდვითაა დაინტერესებული და ახალი წლის სადღესასწაულო დღეების შემდეგ ეცოდინებათ კონკრეტული დეტალები. „აღარ ვიცით რამდენად სარწმუნოა ეს დაპირებაც. მერმა გვითხრა ასევე, რომ თუ იტალიელ ინვესტორთან საბოლოოდ მოლაპარაკება არ შედგება არსებობს გეგმა ბ, თუმცა რას გულისხმობს ეს გეგმა არ ვიცით“,- აცხადებს ბოლოდაშვილი.

მერიასთან გამართული აქციის მონაწილეთა თანახმად, „ ტორპედოს“ 200-მდე თანამშრომელს 8 თვეა ხელფასი არ მიუღია, ფინანსური პრობლემების გამო კლუბი დატოვა ყველა წამყვანმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა.

აქციის მიმდინარეობისას ტორპედოს გულშემატკივრებთან მივიდა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, რომლის თქმითაც, ინვესტორი ერთ კვირაში უნდა ჩავიდეს ქალაქში: „იტალიელ ინვესტორს სურს „ტორპედოს“ ყიდვა. მერია ვერ დაფარავს ხარჯებს, ვერ ჩაიბარებს გუნდს დავალიანებით. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა ჭიღვარიამ.

ქუთაისის „ტორპედოში“ რამდენიმე თვეა ფინანსური კრიზისია, კლუბის გულშემატკივრებმა არაერთხელ გამართეს აქცია და საფეხბურთო კლუბის მერიის ბალანსზე გადასვლა მოითხოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG