Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პანდამ" „ფეისბუკის" ბრალდებების ნაწილი აღიარა


„ფეისბუკის" დასკვნაში საუბარია ჩვენი მხრიდან ოპოზიციის კრიტიკაზე. დიახ, ჩვენ ჩვენს რესურსებში მართლაც ვაკრიტიკებდით ოპოზიციას, უფრო კონკრეტულად, „ნაციონალურ მოძრაობას", - ამბობს სარეკლამო სააგენტო „პანდას" წარმომადგენელი ანონიმურ ვიდეომიმართვაში.

„პანდას" სახელით ჩაწერილ ვიდეოში ნათქვამია, რომ ისინი ამას არ აკეთებდნენ „ქართული ოცნების" სიყვარულით, არამედ - ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით, რადგან ეს ყველაფერი საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი.

„თქვენთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გვჯეროდა და გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ", - აღნიშნავს „პანდა", რომლის ვიდეოში შემდეგ სიტყვებსაც მოისმენთ: „ფეისბუკი" წერს, რომ ჩვენ სისტემურად ვმუშაობდით, დიახ ეს ასეა, ჩვენ სოციალურ ქსელში ვფლობთ და ვაქირავებთ რესურსებს... „ფეისბუქი" ამბობს, რომ ჩვენ კრიტიკულები ვიყავით ოპოზიციის მიმართ, დიახ, ჩვენ ამასაც ვადასტურებთ".

„პანდა" „მთავარ არხსა" და „ფორმულას" ბრალდებების „მიკერებაში" ადანაშაულებს.

„ფეისბუკმა" 20 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, გააუქმა საქართველოს, (ასევე აშშ-სა და ვიეტნამის ანგარიშების) ე.წ. „დაუკავშირებელი“ ქსელები, გვერდები და ჯგუფები „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო.

განცხადებაში მოყვანილია ზუსტი რიცხვი გაუქმებული ქართული ანგარიშებისა, რომელიც 418-ს უდრის. მათგან 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიშია, ასიათასობით მიმდევრით.

განცხადების ავტორი, ფეისბუკის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ნათანაელ გლეიშერი წერს, რომ ეს საიტები თავს ასაღებდნენ ახალი ამბების სააგენტოებად და პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიასაშუალებებს წარმოადგენდნენ. გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, ჩვეულებრივ აქვეყნებდნენ ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას არჩევნების, სამთავრობო პოლიტიკის, მაღალი რანგის ოფიციალური პირების შესახებ' ასევე აკრიტიკებდნენ ოპოზიციას და ადგილობრივი აქტივისტების ჯგუფებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით, ეს ქმედება უკავშირდება საქართველოს სარეკლამო სააგენტო „პანდასა“ და საქართველოს მთავრობას, რომელსაც მართავს „ქართული ოცნება“- ნათქვამია განცხადებაში.

„ფეისბუკის" თანახმად, მის მიერ გაუქმებული, ქართული წარმოშობის ანგარიშები მიმართული იყო ქვეყნის შიდა აუდიტორიაზე და მათი რეკლამირებისთვის 316 ათას ამერიკულ დოლარამდე იყო დახარჯული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG