Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ჯანგირაშვილი: მინისტრის "წმინდა წერილებით" იმართება ქვეყანა


„ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე მოეხსნას ინკასო ყველა ტელევიზიას“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრის შემდეგ.

ჯანგირაშვილის თქმით, დადასტურდა მისი ვარაუდი და ეჭვი, რომ არანაირი ფორმალური დოკუმენტი არ არსებობს იმის შესახებ, რომ, მაგალითად, „იმედის“ შემთხვევაში, გაყოფილია ძველი და ახალი ვალი: „არ არსებობს ესეთი დოკუმენტი, რომელმაც გაყო ძველი ვალი და ახალი ვალი. ანუ, ეს არის ერთიანი ვალი, მაგრამ რატომღაც გაყოფილია მინისტრის წმინდა წერილით, რომელიც მან სააგენტოში გამოაქვეყნა. ეს არც ბრძანებულებაა, არც გადაწყვეტილება. მინისტრის წმინდა წერილებით იმართება ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი ტელევიზია უნდა დაიხუროს და რომელი დარჩეს“.

ნინო ჯანგირაშვილის განცხადებითვე, ფინანსთა მინისტრი არის „ძალიან დესტრუქციული და ძალიან აგრესიული“, რის გამოც ინგა გრიგოლიამ შეხვედრა დატოვა. „მე, სიმართლე გითხრათ, გავძელი ცოტა უფრო მეტი, მაგრამ ძალიან გამიჭირდა“, - უთხრა მედიას ჯანგირაშვილმა.

„კავკასიის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მან ფინანსთა მინისტრს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ ყველა ტელეარხის ანგარიშებს ინკასო დაუყოვნებლივ მოეხსნას და ერთი თვის განმავლობაში საჯაროდ განმარტოს, დავალიანების დაფარვის რა გრაფიკზე ელაპარაკება „იმედს,“ „მაესტროსა“ და „რუსთავი 2“-ს.

ჯანგირაშვილის თქმით, საუბარია დაახლოებით ათწლიან რესტრუქტურიზაციაზე: „ეს არის ჩუქება, ფაქტიურად. ოღონდ, ის წუხს, ამავე დროს, რომ ან ეს ათწლიანი როგორ უნდ გადაიხადონო „იმედმა“ და „რუსთავმა“, ცოდოები არიანო და რა ვქნა, ხომ არ დაიხურებიანო“. ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, ამ ფონზე, როცა მინისტრს ეუბნება, რომ „კავკასიის“ ანგარიშისთვის ინკასოს გამო ტელეკომპანიამ ორშაბათს შესაძლოა მუშაობა შეწყვიტოს, ამაზე მას პასუხი არ აქვს.

„ასე არ გამოვა, რომ ჩვენ დაგვსაჯოს, აბა, გადაიხადეთ... ჩვენ გვეჩხუბოს, გვითხრას, რომ თქვენ უნდა გამოსწორდეთ და ამ დროს, იმათ მიუცუცქდეს ჩუმად და ათწლიან გრაფიკებზე ელაპარაკოს“, - განაცხადა ჯანგირაშვილმა. მისი თქმით, სანამ ეს არ მოხდება, მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს გადასახადების გადახდაზე და შემუშავდეს ფორმა, რათა ყველა თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

ნინო ჯანგირაშვილმა ინკასოს შესახებ ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას ამორალურიც უწოდა, რადგან, მისი განცხადებით, ახალი წლის წინ ხელფასის გარეშე ტოვებს „კავკასიის“ თანამშრომლებს.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრა მის დასრულებამდე, პროტესტიის ნიშნად დატოვა „TV პირველის“ დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ.

25 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო „კავკასიის“, „TV პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ანგარიშებს. მანამდე, 23 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აფრთხილებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მქონე ტელეკომპანიებს და ერთი დღის ვადას აძლევს 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხის დასაფარად.

ტელეარხები, რომელთა ანგარიშებსაც ინკასო დაედო, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უსამართლობად აფასებენ, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებენ და აინტერესებთ, რატომ არ არის მიღებული ანალოგიური ზომა ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ, რომელსაც მრავალმილიონიანი დავალიანება აქვს.

26 დეკემბერს, „იმედის“ იურისტმა ანდრო ლაშხმა განაცხადა, რომ როგორც კი ქვეყანაში შეიცვალა ვითარება, როცა სახელმწიფო „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს დავალიანებას პატიობდა და ფინანსთა სამინისტრომ თქვა, რომ ვალდებულებები ყველამ თანაბრად უნდა შეასრულოს, ტელეკომპანიამ დაიწყო მიმდინარე გადასახადების გადახდა. რაც შეეხება ადრე დაგროვილ დავალიანებას, ლაშხის თქმით, მას ფინანსთა სამინისტროსთან კანონიერად მიღწეული შეთანხმებით, ეტაპობრივად დაფარავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG