Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატას და საქართველოს მთავრობას მიმართავს


პარლამენტის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი
პარლამენტის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ნავთობკომპანია „ფრონტერას“ მიერ შრომის უფლებების დარღვევაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს ამერიკის სავაჭრო პალატას და საქართველოს მთავრობას.

ნაცვლიშვილის ინფორმაციით, 17 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც თანამშრომლებმა უხელფასოდ მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, დედოფლისწყაროში მომუშავე „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ“ 84 თანამშრომელი გაათავისუფლა.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, კომპანიას თანამშრომლების მიმართ 11 თვის სახელფასო დავალიანება აქვს: „მდგომარეობა საგანგაშოა. პირველი: მშრომელები დარჩნენ მათი ელემენტარული საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობების გარეშე, მათ შორის, გაზი და ელექტროენერგია, რადგან ვეღარ იხდიან კომუნალურ გადასახადს. მეორე, მათ აქვთ საბანკო ვალდებულებები, რომლის მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, საბანკო ვალდებულებების ტვირთი მათთვის საგრძნობლად გაიზრდება. მესამე, მათ აქვთ საფუძვლიანი შიში, რომ სამუშაო ადგილები არ შეუნარჩუნდებათ. მეოთხე, ნავთობის რეზერვუარების გადავსების შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეთ გარემოს დაბინძურების სერიოზული რისკის წინაშე“.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ საეჭვო რეპუტაციის კომპანიაა, რასაც მოწმობს ქართული სახელმწიფოს მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებები, მიმდინარე დავა საერთაშორისო არბიტრაჟში და ფასიანი ქაღალდების ბირჟიდან კომპანიის მოხსნა.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის - ამერიკის სავაჭრო პალატის წევრია: „ამერიკის ხელისუფლება სამართლიანად მიუთითებს ხოლმე საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყურადღება გაამახვილოს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში და გადადგას ნაბიჯები ვითარების გამოსასწორებლად. ამიტომ, მე ვითხოვ ამერიკის სავაჭრო პალატისგან, მოახდინოს მის წევრი ორგანიზაციის მიერ საქართველოში წარმოებული საქმიანობის შედეგად, დარღვეულ შრომის უფლებებზე მკაცრი რეაგირება, აიღოს პასუხისმგებლობა მის საქმიანობაზე და გადადგას ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულების წინაშე არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვექნება ორმაგ სტანდარტთან, როცა ამერიკის მთავრობა ითხოვს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუმჯობესებას, ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანია კი არღვევს ამ უფლებებს“.

ბექა ნაცვლიშვილი მიმართავს საქართველოს მთავრობას, ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენოს და სათანადო ყურადღება დაუთმოს დედოფლისწყაროში, კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში“ დასაქმებული ადამიანების მდგომარეობას და ყველა ზომა მიიღოს მათ წინაშე მდგარი პრობლემების აღმოსაფხვრელად: „როგორც დამსაქმებელს, ისე სახელმწიფოსაც ეკისრება პასუხისმგებლობა დასაქმებულების მიმართ. წიაღისეულის მოპოვება არის სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი სფერო, ის ეხება ეროვნულ სიმდიდრეს, ამიტომ სხვა საქმიანობასთან შედარებით სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ერთი-ორად მაღალია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG