Accessibility links

site logo site logo

რუსეთი გაასაჩივრებს მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებას


იური განუსი

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ (РУСАДА) ოფიციალური წერილით აუწყა მსოფლიო ანტისადოპონგო სააგენტოს (WADA), რომ არ ეთანხმება მის გადაწყვეტილებას, ოთხი წლით ჩამოერთვათ რუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება.

რუსეთის შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის, იური განუსის ცნობით, დოკუმენტების პაკეტს თან ერთვის მისი პირადი პოზიციის შემცველი წერილიც. WADA-სთან დავაში რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა საადვოკატო დახმარებისათვის მიმართა შვეიცარიის კომპანია Libra Law-ს, ხოლო РУСАДА-ს ინტერების დამცველი იქნება ასევე შვეიცარიული კომპანია Schellenberg Wittmer-ი.

მანამდე РУСАДА-ს ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წინააღმდეგია.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელი საბჭოს 9 დეკემბრის სხდომაზე მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილების თანახმად, რუს სპორტსმენებს 4 წლით აეკრძალათ საერთაშორისო ასპარეზობებში, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადაში მონაწილეობა.

ამ მკაცრი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის სპორტში მომხდარი მასობრივი დარღვევები, მათ შორის, მცდელობა, ხელოვნურად შეცვლილიყო მონაცემთა ბაზა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში.

რუსეთის ხელისუფლება უარყოფს სახელმწიფოს დონეზე სადოპინგო პროგრამის არსებობის თაობაზე გამოთქმულ ბრალდებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG