Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კავკასიის" განცხადება: მომავალი კვირიდან ტელეკომპანია ვეღარ შეძლებს გამართულად მუშაობას


ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან ტელეკომპანიების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ „კავკასია“ განცხადებას ავრცელებს:

„ფინანსთა მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჩვენთვის ნათელია, რომ:

1. ხელისუფლება მის მიმართ ლოიალურად განწყობილ ტელეკომპანიებს – „იმედს“, „მაესტროს“, „რუსთავი 2“-ს აყენებს სასათბურე მდგომარეობაში და აპირებს პრაქტიკულად აპატიოს მათ 55-მილიონიანი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, ამ დავალიანების რესტრუქტურიზაციის და ფორმალურად 10 წელზე გადანაწილების გზით, რათა არ შეუქმნას დისკომფორტი ამ არხებს და შეუნარჩუნოს მათ საბაზრო უპირატესობა.

2. ყველა გადაწყვეტილება ტელეარხების დავალიანებასთან და მათ ამოღებასთან დაკავშირებით მიიღება ყოველგვარი ფორმალური საფუძვლის და დოკუმენტაციის გარეშე, არაფორმალური გარიგებების გზით, კანონმდებლობის და კონსტიტუციის სრული იგნორირებით, თანასწორობის და კონკურენციის პრინციპების დარღვევით.

3. ტელეკომპანია „კავკასიის“ ანგარიშისთვის ინკასოს დადება ემსახურებოდა არა დეკლარირებულ პრინციპს, რომ „გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს“, არამედ ტელეკომპანია „კავკასიის" მუშაობისთვის ხელშეშლას, რომელსაც ამ ეტაპზე არ გააჩნია თანხები ერთდროულად დავალიანების დასაფარად და ფუნქციონირების გასაგრძელებლად. ჩვენს ანგარიშზე დადებული ინკასო ნიშნავს იმას, რომ მომავალი კვირიდან ტელეკომპანია ვეღარ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას“.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „კავკასიამ“ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შემოსავლების სამსახურში ელექტრონული ფორმით გაგზავნა დღეისათვის არსებული მისი დავალიანების - 26 226 ლარის და 92 თეთრის ერთ წელზე გადანაწილების მოთხოვნა.

„ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული მარტივი პროცედურა და მისი დაკმაყოფილება ერთი დღის ვადაშია შესაძლებელი. ამით ვაძლევთ ფინანსთა სამინისტროს შანსს, გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა და ორშაბათს დილიდანვე მოხსნას ინკასო ტელეკომპანია „კავკასიის“ ანგარიშებს. ასევე ტესტი, არის თუ არა ის მზად, თუნდაც ერთწლიანი გრაფიკი გაუკეთოს არასახელისუფლო ტელეკომპანიას, როცა სამთავრობო არხებს ვალის 10-წლიან განწილვადებას უპირებს. თუ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არ გააკეთებს ამას, ნათელი იქნება მისი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი - ხელი შეუშალოს ტელეკომპანია „კავკასიის“ ფუნქციონირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პარალელურად, „კავკასია“ მოითხოვს, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გაასაჯაროოს ტელეკომპანიების მიერ ამ მომენტისთვის დაგროვილი დავალიანებები ყოველი თეთრის სიზუსტით (რაც ჩვენ, ჩვენის მხრივ უკვე გავაკეთეთ), გაასაჯაროოს მოლაპარაკებების პროცესი და დეტალურად აცნობოს საზოგადოებას, როგორ აპირებს ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროს“ და „რუსთავი 2“-ის დავალიანების - 55 მილიონი ლარის ამოღებას“.

25 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო „კავკასიის“, „TV პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ანგარიშებს. მანამდე, 23 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აფრთხილებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მქონე ტელეკომპანიებს და ერთი დღის ვადას აძლევს 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხის დასაფარად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG