Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის კომენტარების გამო ვარშავამ რუსეთის ელჩს პროტესტი გადასცა


ვარშავაში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი პარასკევს გამოიძახეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რუსეთის პრეზიდენტის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის როლზე გაკეთებული კრიტიკული გამონათქვამების გამო.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მარჩინ პჟიდაჩის თანახმად, რუსეთის ელჩს გადაეცა ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე პროტესტი პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების სხვა პირების მხრიდან „ისტორიული ინსინუაციების“ გამო.

ვლადიმირ პუტინმა წლის ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლონეთი თავად მონაწილეობდა ჩეხოსლოვაკიის გაყოფაში. „შევიდა ორ რაიონში - ტეშინსკისა და კიდევ მეორე რაიონში. და მორჩა, მიიტაცა ისინი. მზად იყვნენ აგრესიისთვისაც. ამისთვის მთელი დაჯგუფება ჰქონდათ შექმნილი. მაგრამ არ დასჭირდათ, რადგან ჩეხოსლოვაკია, უბრალოდ, დანებდა ამ ზეწოლას და დათმო ეს ტერიტორია“, - განაცხადა პუტინმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, პუტინის ეს ბოლოდროინდელი განცხადებები ეფუძნება „სტალინურ ისტორიულ ნარატივსა“ და ტოტალიტარიზმის პროპაგანდას წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG