Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო ირანს ადანაშაულებს ცენზურითა და ძალმომრეობით ხსოვნის აქციების ჩახშობაში


მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომეომ დაადანაშაულა ირანის ხელისუფლება, რომელიც ძალადობითა და ინტერნეტის მუშაობის შეფერხებით შეეცადა, თავიდან აიცილებინა ნოემბრის აქციების ჩახშობის დროს დაღუპულთა ხსოვნის აქციების გამართვა. „ირანელ ხალხს უფლება აქვს, დაიტიროს 1500 ადამიანი, რომლებიც @khamenei_ir -მა დახოცა #IranProtests-ის დროს“, - წერს თავის ტვიტერში მაიკ პომპეო, რომელმაც პირდაპირ დაადანაშაულა ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო „ირნას“ ცნობით, 26 დეკემბერს დანიშნული ხსოვნის აქციების წინა დღით, ირანის მრავალ პროვინციაში ინტერნეტით სარგებლობა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს კარაჯის სასაფლაოზე, სადაც დაღუპულთა ორმოცს აღნიშნავდნენ.

„რეჟიმს ეშინია თავისი მოქალაქეების და კიდევ ერთხელ მიმართავს ძალადობასა და ინტერნეტის დახურვას“, - წერს პომპეო ტვიტერში.

სააგენტო „როიტერსს“ ხელისუფლების ანონიმურმა წყაროებმა აცნობეს, რომ ნოემბერში გაზისა და ნავთობის ფასების ორჯერ გაზრდით გამოწვეული უკმაყოფილების შედეგად ირანში დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლების დროს 1500 კაცი დაიღუპა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენალის“ ცნობით, გასულ თვეში მთელი ირანის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, სულ მცირე, 304 ადამიანი მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG