Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეჟისორი ოლეჰ სენცოვი აკრიტიკებს პატიმრების გაცვლის პროცესს


ოლეჰ სენცოვი
ოლეჰ სენცოვი

ცნობილი უკრაინელი რეჟისორი, რუსეთის ტყვეობიდან სექტემბერში გათავისუფლებული ოლეჰ სენცოვი მიესალმება მოსკოვისა და სეპერატისტების ტყვეობიდან უკრაინელი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს „ღირებულებების შელახვის“ ფასად.


„ჩვენი ტყეების ნაწილი სახლში დაბრუნდება... სხვები დარჩებიან ბოევიკების ხელში. ყირიმელი თათრები და სხვა ჩვენი პოლიტპატიმრები შემდგომშიც ისხდებიან რუსეთის ციხეებში. უდანაშაულო ადამიანები. მათ ნაცვლად უკრაინა გადასცემს რუსეთს მკვლელებს: რუს დაქირავებულებს, ხარკოველ ტერორისტებსა და ხუთ „ბერკუტელს“, - დაწერა სენცოვმა ფეისბუკში.



29 დეკემბერს კიევს, მოსკოვსა და დონბასელ სეპარატისტებს შორის გაიმართა პატიმრების გაცვლის პროცესი. კიევს გადაეცა 76 მოქალაქე. უკრაინის ხელისუფლებმა კი საპატიმროებიდან გაათავისუფლა 127 მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული და ბრალდებული პირი. მათ შორის, ხარკოვის ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებული პირები და სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ 2014 წლის „მაიდნის“ მოვლენების დროს დემონსტრანტების დახვრეტისათვის.

„საქმე მარტო ის არ არის, რომ ჩვენ ფაქტობრივად აღარ გვრჩება „გასაცვლელ მამაკაცთა ფონდი“, ხოლო თავისიანების უკან დასაბრუნებლად უკრაინის ხელისუფლება იძულებული იქნება ქვეყნის ინტერესებით ივაჭროს მტერთან. მთავარი ისაა, რომ ეს ნაბიჯი, ჩვენ მთავარს - სამართლიანობას გვაკარგვინებს. ამ სამართლიანობისათვის ვიდექით ჩვენ „მაიდანზე“ და გავიმარჯვეთ... მაგრამ თითქმის ექვსი წლის შემდეგ ყველაფერს თავიდან ვიწყებთ, ნადგურდება ყველაფერი, რისთვისაც უკრაინელები იბრძოდნენ“, - წერს ოლეჰ სენცოვი.

კინორეჟისორი სენცოვი, რომელიც ყირიმიდანაა, ხმამაღალ წინააღმდეგობას უწევდა ამ რეგიონის რუსეთის მიერ ანექსირებას 2014 წლის მარტში. სენცოვი ყირიმში დააპატიმრეს, 2014 წლის 11 მაისს, იმავე წლის აგვისტოში რუსეთის სასამართლომ ის ტერორიზმში დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ოლეჰ სენცოვი 7 სექტემბერს გაათავისუფლეს, რაც იყო ნაწილი უკრაინასა და რუსეთს შორის ათობით პატიმრის გაცვლის ოპერაციისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG