Accessibility links

logo-print logo-print

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის კიდევ ერთ მონაკვეთს კეტავს


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის ბოლო ღია მონაკვეთსაც კეტავს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ახალი წლის წინ, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო, 30 დეკემბერს, საღამოს 8 საათიდან 3 იანვრის დილის 6 საათამდე მუშაობას დროებით შეწყვეტს ქარძმანის გადასასვლელი. ეს ე.წ. გამშვები პუნქტი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გავლით.

დე ფაქტო ხელისუფლებას 4 სექტემბრიდან დაკეტილი აქვს ახალგორის და ჯავის რაიონებთან მდებარე რაზდახანის და სინაგურის ე.წ. გამშვები პუნქტები.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ირწმუნებოდა, რომ ამ მონაკვეთებზე ე.წ. საზღვარი ახალი სასწავლო წლის დაწყების გამო, 6 სექტემბრამდე იკეტებოდა, თუმცა, ე.წ. გამშვები პუნქტები ამ დრომდე არ გახსნილა. ამის მიზეზად დე ფაქტო ხელისუფლება ასახელებს საქართველოს მთავრობის მიერ „საზღვართან“ ვითარების დაძაბვას და „ოპერატიული ვითარების გართულებას“, კერძოდ, აგვისტოს ბოლოს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებას. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ ე.წ. საზღვრის ეს მონაკვეთები „მდგომარეობის ნორმალიზების“ შემდეგ გაიხსნება.

საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ჩორჩანასთან, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საგუშაგოს გახსნა ერთადერთ მიზანს - ადგილზე უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

დანარჩენ საქართველოსთან გზის დაკეტვის გამო, ახალგორის რაიონის მცხოვრებთ შეზღუდული აქვთ წვდომა სამედიცინო მომსახურებასა და საქართველოს მოქალაქის პენსიაზე. ახალგორში დანარჩენი საქართველოდან ვეღარ შეაქვთ პროდუქტები. ოჯახების ნაწილი ორადაა გაყოფილი, რადგან გზის დაკეტვამდე ზოგიერთი ახალგორელი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ოჯახში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG