Accessibility links

site logo site logo

გიორგი რურუას ადვოკატი ექსპერტიზის შედეგებს აქვეყნებს


გიორგი რურუა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მოწილე გიორგი რურუას ადვოკატი აცხადებს, რომ რურუას პოლიტპატიმრობას ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ ჩაბარდა ექსპერტიზის ორი დასკვნა: „აქედან პირველი დასკვნის თანახმად გიორგი რურუას შარვალზე და მაისურზე მეტალიზაციის კვალი არ ამოვიდა, ანუ გიორგის შარვალს მეტალის ნივთთან შეხება არ ქონდა, მაშინ როდესაც გამოძიების ვერსიით გიორგის შარვლის საქამრეში “ედო” იარაღი. და მეორე დასკვნის თანახმად, იარაღზე რომლის “ტარებასაც” გიორგის ედავებიან, არ ამოვიდა ანაბეჭდები“.

საძაგლიშვილის შეფასებით, ორივე დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს, რადგან შეუძლებელია ატარებდე იარაღს და მასზე არ დატოვო ანაბეჭდები და შეუძლებელია საქამრეში გედოს იარაღი და შარვალზე და მაისურზე მეტალის კვალი არ ამოვიდეს.

„რაც შეეხება დნმ-ს. გიორგის დაკავებისთანავე მისგან იძულებით აიღეს დნმ-ი, ოღონდ ისე რომ არანაირი დოკუმენტი არ შეადგინეს, ანუ ვითომ არ აუღიათ. ეს დამნაშავე პოლიციელებმა გააკეთეს იმიტომ, რომ “ამოღებულ” იარაღზე წაესვათ გიორგის დნმი და ამით დაემტკიცებინათ “დანაშაული”. ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვთ ამ ამბის გარკვევას, მათ შორის პოლიციის შენობაში მდებარე კამერების ჩანაწერებს, თუმცა დღემდე არანაირი რეაგირება ამას არ მოყოლია. რის გამოც, როდესაც პოლიციელებმა უკვე განჩინებით მოითხოვეს დნმის ნიმუში, ამაზე ვუთხარით უარი, რადგან მისი შედარება უნდა გაეკეთებინათ უკანონოდ პირველივე დღეს აღებულ და ჩადებულ იარაღზე დატანილ დნმ-თან. ანუ, მტკიცებულებების გაყალბებას ახდენდნენ და ბუნებრივია ჩვენ ამ პროცესში არ მივიღეთ მონაწილეობა“, - წერს ადვოკატი.

დიმიტრი საძაგლიშვილის ცნობითვე, „ამის შემდეგ, რადგან მთელი საქმე თავზე ჩამოენგრათ, დამნაშავე პოლიციელებმა და მათმა ზემდგომებმა გადაწყვიტეს უბინძურესი მეთოდი გამოეყენებინათ და იარაღზე უკანონოს წასმული დნმის ნიმუში უნდა შეადარონ ერთი წლის წინ გარდაცვლილი ნიკა რურუას დნმ-ს (ნიკას დაღუპვისას, გარდაცვალების მიზეზი რომ დადგენილიყო, აიღეს მისი სისხლის ნიმუში და სწორედ ამ ნიმუშს იყენებენ ეხლა). ანუ, გარდაცვლილი ნიკას სისხლის გამოყენებით ცდილობენ გიორგისთვის იარაღის ჩადების გაპრავებას. ამაზე ბინძური და ამორალური საქციელი ალბათ არ არსებობს“.

ადვოკატის განცხადებით, რაც არ უნდა მოხდეს, უკვე არსებულ, ექსპერტიზის ორ დასკვნას ვერსად გაექცევიან და ვერ დაამტკიცებენ იმას, რაც არ მომხდარა, შესაბამისად, გიორგი რურუა უდავოდ პოლიტპატიმარია და ისჯება „მთავარი არხის“ წილის ფლობისა და ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისთვის.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG