Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასამართლო ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვას გააგრძელებს


ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან 28 დეკემბერს გაათავისუფლეს
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან 28 დეკემბერს გაათავისუფლეს

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მიუხედავად, ხვალ, 31 დეკემბერს, ახალგორის რაიონის ე.წ. სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განხილვა დაინიშნა. ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს. შესაბამისი შეტყობინება ექიმის ვლადიკავკაზელმა ადვოკატმა, ვლადიმერ ფიდაროვმა მიიღო.

ადვოკატს გასაჩივრებული ჰქონდა „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლოს მიერ 20 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა.

28 დეკემბერს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ვაჟა გაფრინდაშვილის „შეწყალების აქტი“ გამოსცა და ექიმი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამიტომ, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის მოულოდნელი და გაუგებარია, რა სასამართლო პროცესი იმართება 31 დეკემბერს.

ექიმმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თუ გამოიძახებენ, ცხინვალში ისევ ჩავა, მით უმეტეს, რომ გზა უკვე კარგად იცის: „თუ ჩემი დასწრება სასამართლო პროცესზე აუცილებელია, ალბათ, დღესვე მომიწევს წასვლა, იმიტომ რომ დილის ათ საათზეა პროცესი ჩანიშნული და, ალბათ, ასე ადრე ვერ მოასწრებენ ჩემს მიყვანას. არ ვიცი, თუ შეწყალება უკვე გამოცხადებულია, ალბათ იმ ადამიანზე საკასაციო პროცესი აღარ უნდა ჩატარდეს. დავუკავშირდები ადვოკატს და სიამოვნებით ჩავიდოდი, რადგან ვერ მოვახერხე იქ ხალხთან დამშვიდობება“.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმი-ტრავმატოლოგი ამბობს, რომ ოკუპირებულ რეგიონში პაციენტის სანახავად ჩავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG