Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთავარმა არხმა" ივანიშვილის შესახებ ვიდეორგოლის გამო დაკისრებული სანქცია შესაძლოა, არ შეასრულოს


კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა, - ვკითხულობთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმე ეხება ვიდეორგოლს, რომელშიც საუბარია მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, კადრში ჩანს ბიძინა ივანიშვილი და ისმის ხმა: „მან გაანადგურა ეროვნული ვალუტა“. როგორც კომისია განმარტავს, „მთავარი არხის“ ეთერში 2019 წლის 19 დეკემბრიდან გადის პოლიტიკური რეკლამები, რომელთა განთავსებაც მაუწყებლებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შეუძლიათ. მისი განცხადებით, მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, რაც „მთავარი არხის“ მხრიდან დარღვეულია.

„კომუნიკაციების კომისიამ საჯარო სხდომაზე იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ „მთავარმა არხმა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „მთავარ არხს“ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და აღნიშნული ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა“, - აცხადებს კომუნიკაციის კომისია.

„მთავარი არხის“ იურისტმა თამთა მურადაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გადაწყვეტილება არის სრულიად უკანონო.

„პრინციპში არც ჰქონდათ არგუმენტაცია. გვეუბნებოდნენ, რომ ოქმში ნახავთო და ადგილზე არ ჰქონდათ განმარტებები. იმეორებდნენ, რომ ეს არის პოლიტიკური შინაარსის რეკლამა. რომ მოვითხოვეთ განმარტება, რას ნიშნავს პოლიტიკური რეკლამა, რომლის დეფინიციას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი არ იძლევა, შემდეგ გადავიდნენ საარჩევნო კოდექსზე, რომელშიც წერია, პოლიტიკური, იგივე წინასაარჩევნო რეკლამა, თუმცა ის მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს არეგულირებს. კომისიის მიზანი იყო, ასე მოქცეულიყვნენ, ჩვენთვის დაევალებინათ, რომ ასეთი თემების გადაცემა შემწყდარიყო. მათ უბრალოდ ასე სურდათ და კანონს მნიშვნელობა არ აქვს მათთვის“, - ამბობს თამთა მურადაშვილი.

„მთავარი არხი“ სასამართლოში აპირებს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების გასაჩვრებას, ამასთან, თამთა მურადაშვილს მიაჩნია, რომ კლიპი ეთერიდან არ უნდა მოიხსნას.

„არ ვაპირებთ რეკლამის აღებას. თუნდაც იმ პუნქტის გასაჩივრებას ვგეგმავთ, რომლითაც აღება დაგვევალა. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს აღებული, თუმცა ამ თემაზე კოლეგებთან გუნდში ვისაუბრებთ“, - აღნიშნავს თამთა მურადაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG