Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში „გაბედეს“ აქტივისტი დააჯარიმეს „ბიძინას სათამაშოებისთვის“


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „გაბედეს“ აქტივისტს გაგი ახალაძეს 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლემ 30 დეკემბერს გამოაცხადა.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა გაგი ახალაძის წინააღმდეგ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ლადო მესხიშვილის თეატრის მიმდებარედ, მწვანე ნარგავების მორთვისთვის.

ზედამხედველობის სამსახურმა გაგი ახალაძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილის დაღვევისთვის, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში ბუჩქებსა და ხე-ნარგავებზე პლაკატებისა და ნახატების თვითნებურად განთავსებას გულისხმობს.

„გაბედეს“ აქტივისტის გაგი ახალაძის განცხადებით, საკუთარი ხელით დამზადებული, „ბიძინას სათამაშოების“ ბუჩქებზე დაკიდებისთვის ჯარიმის გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს: „კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ რეალურად არა გვაქვს სასამართლო და სასამართლო არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სტრუქტურა. საჯარიმო ოქმი რეალურად გამოწერა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც „გააპრავა“ სასამართლომ, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ „ზონდერჯგუფებმა“ დააზიანეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ერთი ადამიანიც კი არ დასჯილა. ვაპირებ გასაჩივრებას, არა იმიტომ, რომ იმედი მაქვს სამართლის პოვნის, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამხილო სასამართლო სისტემა“.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება გაგი ახალაძის ადვოკატი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, თეო ზაქარაშვილი. მისი განმარტებით, მხოლოდ დასაბუთებული დადგენილების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რატომ ცნო მოსამართლემ ბუჩქზე ფოტოების ჩამოკიდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.

„გაბედეს“ აქტივისტმა გაგი ახალაძემ და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ 11 დეკემბერს, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე პოლიტიკოსების გამოსახულებით სათამაშოების დაკიდება სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. საბოლოოდ, მოძრაობის წევრებმა და გოგი წულაიამ ფერადი ქაღალდებისგან და მთავრობის წევრების სურათებით დამზადებული მცირე ზომის ხელნაკეთი ნივთებით მორთეს თეატრის წინ გაშენებული მწვანე ნარგავები. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სასამართლოს უკვე მიმართა გოგი წულაიას წინააღმდეგაც. წულაიას სასამართლო პროცესი 3 იანვარსაა ჩანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG