Accessibility links

logo-print logo-print

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა ეწურება


დღეს, 31 დეკემბერს იწურება მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ვალდებულებების შესრულებისთვის მიცემული ვადა. კონსორციუმმა უნდა წარადგინოს პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი დოლარის კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმების, ასევე საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევის ხელშეკრულებები.

შესასრულებელ ვალდებულებებს შორისაა ასევე პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება და ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის საბანკო გარანტიის წარდგენა.

„დრო იყო საკმარისი, ორი წლის განმავლობაში მთავრობა უვადებდა და გვერდში ედგა ინვესტორს. ჩვენ 2020 წელს გაზაფხულზე უკვე უნდა გვქონოდა მოქმედი პორტი, ჩვენ ამ კონფიგურაციით ამ ინვესტორთან ერთად, ეს ვერ მოვახერხეთ. გავიდეს ეს ერთი დღეც და შემდეგ ვიმსჯელებთ",- განაცხადა 30 დეკემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, მისთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი იმის შესახებ რამდენად აქვს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ იმის რესურსი, რომ პროექტში დარჩეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით კი 31 დეკემბერი კონსორციუმისთვის ბოლო ვადაა და გადავადება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანახმად, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების ვადა 2017 წლის აგვისტოდან 2019 წლის დეკემბრამდე რამდენჯერმე გადაუვადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG