Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სამუშაო შეაჯამა


პარლამენტის 2019 წლის საქმიანობა შეაჯამა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. ვიდეო მიმართვა მან ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

არჩილთალაკვაძის თანახმად პარლამენტმა 2019 წელს 13-ჯერ მოუსმინა მინისტრებს, 3 თემატური მოკვლევა და 4 ინტერპელაცია ჩაატარა. მისი თქმით, 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა 67 პლენარული სხდომა ჩაატარა, განიხილა და მიიღო 402 კანონი, მიიღო 1241 დადგენილიება და რატიფიცირება გაუკეთა 61 საერთაშორისო ხელშეკრულებას, აგრეთვე შეარჩია და დაამტკიცა სხვადასხვა თანამდებობის პირები.

„ჩვენ მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ძალაში შედის 2020 წლის პირველი ივნისიდან და ქმნის სრულიად ახალ, სოციალურ და სამართლებრვ გარანტიებს თქვენი შვილებისთვის. მივიღეთ კანონი ქალთა მიმართ და ოჯახის ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც უფრო ეფექტურად იცავს ქალებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს. მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც უკეთ პასუხობს სოციალურ გამოწვევბს და ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე“,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მისი სიტყვებით 2020 წლიდან იზრდება პენსიები, ხელფასები ეზრდებათ პედაგოგებს, ექიმებს, ბაღების აღმზრდელებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს.

დევნილებისთვის ახალი საცხოვრისების ასაშენებლად გამოყოფილია 122 მილიონ ლარზე მეტი, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილია 3,7 მილიარდ ლარზე მეტი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის დაიხარჯება 240 მილიონ ლარზე მეტი, სოფლის მეურნეობას მოხმარდება 131 მილიონი ლარი, რეგიონებს მუნიციპალური ბიუჯეტის გარდა დამატებით მოხმარდებათ 350 მილიონი ლარი.

„2019 წელს დავამტკიცეთ კანონმდებლობა, რომლითაც მარტივდება მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაცია, ამით მოქალაქეებს გაუმარტივდათ მიწაზე საკუთრების მოპოვება. შევიმუშავეთ და ფართო კონსენსუსით დავამტკიცეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლში ახალი კადრების სამართლიან შერჩევასა და მომზადებას, კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და მოსამართლეთა საქმიანობის მეტ დამოუკიდებლობას. აღსანიშნავია, რომ ამ რეფორმის მიღებას დადებითი შეფასებები მოჰყვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ჩვენ მივიღეთ კანონი მედიაციის შესახებ, რომლითაც მხარეები მედიატორის ჩართულობით სასამართლოს გარეშე შეძლებენ მოაგვარონ თავიანთი დავა. მივიღეთ კანონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების შესახებ, რაც ხელს უწყობს ელექტროსექტორის გაძლიერებას და მასში თანამედროვე ტექნოლოგიების მეტად შემოტანას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საშემოდგომო სესიაზე პარლამენტმა მიიღო რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ კანონი, რომელიც საფინანსო სექტორის მდგრადობისა და ბიზნესის გარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„პირველი მოსმენით ტყის კოდექსი მივიღეთ, რომელიც ხე-ტყის დამზადების ლიცენზიების გონივრულ მართვას, ტყის რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ტყის ინვესტარიზაციას და საინფორმაციო ბაზის შექმნას ითვლისწინებს. მივიღეთ ახალი რეგლამენტი, რომელიც პარლამენტის საქმიანობას უფრო ეფექტურს და შედეგიანს ხდის. სწორედ ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა 2019 წელს 13-ჯერ მოუსმინა მინისტრებს, ჩაატარა 3 თემატური მოკვლევა და 4 ინტერპელაცია. მთლიანობაში 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა ჩაატარა 67 პლენარული სხდომა, განიხილა და მიიღო 402 კანონი, მიიღო 1241 დადგენილიება და რატიფიცირება გაუკეთა 61 საერთაშორისო ხელშეკრულებას, აგრეთვე შეარჩია და დაამტკიცა სხვადასხვა თანამდებობის პირები.

საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა და მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს, ნატო-ს და ეუთო-ს მაღალი დონის კონფერენციებსა და ანსამბლეაში. ამით ჩვენ დავხურეთ 2019 წლის საშემოდგომო სესია და ვიწყებთ მომზადებას 2020 წლის საგაზაფხულო სხდომებისთვის. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, ჩემს თანამშრომლებს და საზოგადოებას მხარდაჭერისა და მონაწილეობისთვის“, - აცხადებს თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძის ვიდეოს თანახმად პარლამენტმა მიიღო 402 კანონი, 1231 დადგენილება და ჩაატარა 68 პლენარული სხდომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG