Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიკო მარგოშვილი პარლამენტის წინ ბანერისა და კარვის დადგმას ითხოვს


მედიკო მარგოშვილი
მედიკო მარგოშვილი

პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი პარლამენტის წინ თავისი კარვის, ბანერის, სკამისა და მაგიდის დადგმას ითხოვს.

„ჩვენ ბევრს არ ვითხოვთ, უბრალოდ ხელმოწერებს ვაგროვებთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, თუ რა უსამართლოდ მომიკლეს შვილი ამ არაადამიანებმა, ამ სისხლისმსმელებმა. რა არის ამაში ცუდი? თუ არიან მართლები, შედგეს ეს კომისია. ამისთვის ვიდექით აქ. ეს კომისია რომ შექმნილიყო, ჩვენი ხელით ავიღებდით ამ კარვებს“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

მის მოთხოვნას ადგილზე მყოფი უსაფრთხოებისა და პოლიციის თანამშრომლები დუმილით შეხვდნენ. მათ რკინის კონსტრუქციებით აქვთ შემოსაზღვრული პარლამენტის წინა პერიმეტრი, რომელზეც 31 დეკემბრის ღამის შემდეგ საბავშვო ატრაქციონებია განათავსებული.

მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ თბილისის მერისგან არ ელოდა კარვების აღებას:

„მერიის გუშინდელი საქციელი იყო ძალიან გულსატკენი, მე კალაძისგან არ ველოდი, მის მიმართ რაღაც სიმპათია მქონდა, რადგან ამ ადამიანმა ჩვენზე ადრე გამოსცადა ოჯახის წევრის დაკარგვა“, - უთხრა მან ჟურნალისტებს, დედებს კი მოუწოდა, ახალი წლის ღამეს პარლამენტის წინ შეხვდნენ:

„ყველა დედას ვთხოვ, ჩვენ ვიზეიმოთ პარლამენტის წინ, როგორც მგლოვიარე დედებს შეეფერებათ, ვანახოთ სისტემას, როგორ ვგლოვობთ. ამაღამ მე ვიქნები აქ, გავიყინები, მოვკვდები და არ წავალ აქედან, დაიდგმება აქ ბანერი და ჩემი კარავი“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

პარლამენტის წინ ტერიტორია 31 დეკემბერს, დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე გაწმინდეს იქ არსებული კარვებისა და საპროტესტო ატრიბუტიკისგან, რასაც აქტივისტების და მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. დაკავებულია 9 აქტივისტი.

თბილისის მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ საბავშვო ატრაქციონები და სავაჭრო დახლები დადგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG