Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

31 დეკემბერს დაკავებული 9 აქტივისტის სასამართლო პროცესი გადაიდო


31 დეკემბერს ღამით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 9 აქტივისტის სასამართლო პროცესი გადაიდო. ბექა ბასილაიასა და ზურაბ ნადირაძის სასამართლო პროცესი 6 იანვრამდე გადაიდო, ნოდარ რუხაძის, გიორგი შოთაძისა და რომეო ფარულავას სასამართლო პროცესი კი - 8 იანვრამდე.

რაც შეეხება ზუკა ბერძენიშვილის, ბექა კოკაიას, ზურაბ მჟავანაძისა და გიორგი მუმლაძის სასამართლოს, მათი პროცესი 6 იანვარს გაიმართება.

​შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 31 დეკემბერს ღამით პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ 9 პირი დააკავა. სამინისტროს განმარტებით, ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას.

პარლამენტის წინ ტერიტორია 31 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე გაწმინდეს იქ არსებული კარვებისა და საპროტესტო ატრიბუტიკისგან, რასაც აქტივისტების და მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

თბილისის მერიის განცხადებით, საახალწლო დღეებში პარლამენტის წინ საბავშვო გასართობი ადგილისა და მარკეტის მოწყობის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს მათ წინასწარ მიაწოდეს. როგორც ისინი აცხადებენ, კარვების აშლა წინააღმდეგობის გარეშე მოხდა და ინფრასტრუქტურა დასაწყობდება, ხოლო მიმართვის შემთხვევაში მესაკუთრეს გადაეცემა.

თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა გადაიფიქრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG