Accessibility links

ნისანის და რენოს ყოფილი ხელმძღვანელი, იაპონიაში შინაპატიმრობაში მყოფი კარლოს გონი, ლიბანში ჩავიდა


ნისანის ყოფილი შეფი, კარლოს გონი ტოკიოში, 2019 წლის აპრილი

ავტოკონცერნების, ნისანისა და რენოს ყოფილი ხელმძღვანელი, კარლოს გონი, რომელიც იაპონიაში, ტოკიოში, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, სამშაბათს ღამით ლიბანში ჩავიდა. არაა ცნობილი, როგორ მოახერხა გონმა იაპონიის დატოვება.

გონს იაპონიაში ბრალი აქვს წაყენებული საფინანსო მაქინაციებში. ლიბანში ჩასვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ იაპონია პოლიტიკური ხასიათის დევნის საფრთხის გამო დატოვა. მან იაპონიის საგამოძიებო სისტემას ბრალი დასდო, რომ ის არ იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, და არ სურს იყოს მისი „მძევალი“. გონის თქმით, ის მართლმსაჯულებას არ გაქცევია, მან თავი აარიდა „არამართლმსაჯულებას და პოლიტიკურ დევნას“. მისი თქმით, მზად არის, სულ მალე თავისუფლად იქონიოს ურთიერთობა მედიასთან.

ტელეკომპანია NHK-ს მოჰყავს უცნობი წყაროს ნათქვამი, რომ პირი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნისანის ყოფილ ხელმძღვანელს, ბეირუთის აეროპორტში ჩაფრინდა კერძო თვითმფრინავით, სხვა სახელითა და გვარით. ტოკიოსა და ბეირუთს ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულება არ აქვთ დადებული.

კარლოს გონი დააკავეს 2018 წლის ნოემბერში. მას ბრალად წაუყენეს ნისანის სახსრებით პირადი გამდიდრება. 2019 წლის ნოემბერში მას ტოკიოს პროკურატურამ ახალი ბრალდება წაუყენა - ფინანსური მაქინაციები და თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

გაზაფხულზე დაცვამ გირაოს სახით შეიტანა ცხრა მილიონი დოლარი და გონი შინაპატიმრობაში მოათავსეს. გონი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ისინი ნისანის ხელმძღვანელობის ღალატის შედეგია.

სასამართლო პროცესი დანიშნულია 2020 წლისთვის. გონს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG