Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში მოკლულია მაღალი რანგის ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი


გენერალი ყასემ სულეიმანი
გენერალი ყასემ სულეიმანი

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ყუდსის ძალების“ ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი. ამის თაობაზე ინფორმაცია პირველმა ერაყის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეს იყო ამერიკული სამხედრო ოპერაცია, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით განხორციელდა. სოლეიმანი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და ირანის სამხედრო სტრუქტურებში.

სარაკეტო თავდასხმისას სოლეიმანთან ერთად მოკლულია აბუ მაჰდი ალ მუჰანდისი, შეიარაღებული დაჯგუფება სახალხო მობილიზაციის ძალების მეთაურის მოადგილე.

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ერაყის ამერიკულ კონტინგენტსა და პროირანულ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის არსებული მკვეთრად დაძაბული ურთიერთობების ფონზე.

31 დეკემბერს ერაყის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შეეცადნენ შტურმით აეღოთ საელჩოს შენობების კომპლექსი და მის ტერიტორიაზე შეჭრილიყვნენ. მას შემდეგ, რაც მოიერიშეები უშიშროების ძალებმა მოიგერიეს, ისინი საელჩოს შენობასთან დაბანაკდნენ. ოთხშაბათს დილას კვლავ ეცადნენ საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრას, მაგრამ ამჯერად აშშ-ის სამხედროებმა შეაჩერეს ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.

შეკრებილები აკრიტიკებენ აშშ-ის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს შიიტური მოძრაობა „ჰიზბოლას“ ბაზების წინააღმდეგ, რასაც 25 ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საელჩოზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა. თეირანი ბრალდებებს უარყოფს.

ბაღდადში აშშ-ის საელჩომ გამოაცხადა, რომ მუშაობას წყვეტს საპროტესტო აქციების გამო, რომლებიც დიპლომატიური მისიის გარეთ იმართება 31 დეკემბრიდან. ერაყის უშიშროების ძალები საელჩოს ობიექტების გარშემო ტერიტორიას აკონტროლებენ, მაგრამ აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევენ, საელჩოს შენობას არ მიუახლოვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG