Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების საკითხზე მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეასრულა ინტერესთა გამოხატვის შედეგად მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 2019 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე უნდა წარმოედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან. სამწუხაროდ, მრავალგზის გადავადების მიუხედავად, ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა და კონსორციუმმა ვერ შეასრულა ინტერესთა გამოხატვის შედეგად მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანახმად, საქართველოს მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე და „მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის შემდგომი გაგრძელების გზების თაობაზე“.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საფინანსო ვალდებულებების წარდგენის ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა.

„მიუხედავად არაერთხელ გაჟღერებული ეგრეთ წოდებული ვადების ამოწურვის საკითხისა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არ წყვეტს მუშაობას ინვესტორთან და მიმართავს ყველა საშუალებას, რომ პროექტი არ გაჩერდეს და წინ წავიდეს“, - აღნიშნულია კონსორციუმის მიერ 31 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG