Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკმა და მოსკოვმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს შეთანხმება ბელარუსისთვის ნავთობის მიწოდების თაობაზე


ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა „ნაფტანმა“ და „მოზირსკიმ“ განაცხადეს, რომ 1 იანვრიდან შეწყდა რუსეთიდან ნედლეულის მიწოდება. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება. სააგენტოს წყაროების თანახმად, საწარმოები შემცირებული დატვირთვით მუშაობენ ნედლეულის ნარჩენებით, რომლებიც დეკემბერში დააგროვეს. კონცერნმა „ბელნეფტეხიმმა“ დაადასტურა, რომ მიწოდება შეწყვეტილია, ქარხნების დატვირთვა კი ტექნოლოგიურ მინიმუმამდეა დაყვანილი.

ბელარუსის მხარის თანახმად, ნავთობის მიწოდების თაობაზე ჯერაც არ არის ხელმოწერილი კონტრაქტები.

ნავთობის მიმწოდებელი სისტემის ოპერატორმა „ტრანსნეფტმა“ დაადასტურა, რომ ამ მომენტისთვის არ მოიპოვება განაცხადები ბელარუსში ნავთობის მიწოდებაზე. ამასთან, აღნიშნეს, რომ ბელარუსის გავლით ნავთობის ტრანზიტი შეუზღუდავად ხდება.

მინსკისთვის ნავთობის მიწოდების თაობაზე შეთანხმების ვადა 1 იანვარს ამოიწურა, მაგრამ მხარეებმა ვერ მოახერხეს მიწოდების პირობებზე შეთანხმება. ექსპერტები აცხადებენ, რომ ბელარუსი ნავთობის ფასის შემცირებას მოითხოვს, რუსეთი ამას არ ეთანხმება. მინსკმა განაცხადა, რომ ნედლეულის მოპოვების ალტერნატიული გზების ძებნას დაიწყებს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბელარუსთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, მაგრამ დიალოგი გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG