Accessibility links

logo-print logo-print

თბილისის მერია გარემოვაჭრეებს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ვაჭრობას სთავაზობს


თბილისის მერია გარემოვაჭრეებისთვის განმარტავს, რომ წინასაახალწლოდ პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გარევაჭრობა ნებადართულია მხოლოდ იმ კერძო პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებმაც წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია.

განცხადებაში, რომელსაც მერია ავრცელებს, აღნიშნულია, რომ მათ, ვისაც რეგისტრაცია არ გაუვლიათ, გარევაჭრობა შეუძლიათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და ქალაქის მასშტაბით გამოყოფილ 13 ადგილზე.

„იმ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც სურდათ ვაჭრობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, შევთავაზეთ ალტერნატივა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოწყობილია დახლები და სათანადო პირობებია შექმნილი საახალწლო ვაჭრობისთვის.

პირველი რესპუბლიკის მოედანი არის ქალაქის ცენტრი, ერთ-ერთი ტურისტული წერტილი და შეუძლებელია, დავუშვათ იქ უწესრიგობა და ქაოსური გარევაჭრობა“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, თბილისის მერია არავის უზღუდავს ორგანიზებულ საახალწლო გარევაჭრობაში ჩაბმას, თუმცა სთავაზობს, მხოლოდ შეთავაზებული ადგილებით ისარგებლონ.

გარემოვაჭრეები უარს აცხადებენ რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობის წინ გადანაცვლებაზე. მათი ნაწილი ამბობს, რომ არ სურთ ივაჭრონ იქ, სადაც შვილმოკლული მამის საპროტესტო კარავი იდგა, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ხალხის სიმცირის გამო პარლამენტის შენობის წინ ვაჭრობა შეუძლებელია.

პარლამენტის წინ ტერიტორია 31 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე გაწმინდეს იქ არსებული კარვებისა და საპროტესტო ატრიბუტიკისგან, რასაც აქტივისტებისა და მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG