Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელები ბაღდადში შეიკრიბნენ, ტრამპმა განაცხადა, რომ სოლეიმანიზე თავდასხმა „ომის შეჩერებისთვის“ განხორციელდა


ყასემ სოლეიმანიზე თავდასხმის საპროტესტო აქცია თეირანში, გაეროს შენობის წინ
ყასემ სოლეიმანიზე თავდასხმის საპროტესტო აქცია თეირანში, გაეროს შენობის წინ

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ბაღდადში 4 იანვარს მაღალი რანგის ირანელი სამხედრო მეთაურის და სხვა პირების დასაფლავების ცერემონიამდე.

ერთი დღის წინ აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად ბაღდადის აეროპორტში მოკლულ იქნა ირანის რევოლუციური გვარდიის ელიტარული შენაერთის, „ყუდსის ძალების“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი და ერაყის პროირანული სამხედრო გაერთიანების „ჰაშდ შააბის“ მეთაურის მოადგილე, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდასი.

თავდასხმის შემდეგ მკვეთრად გამწვავდა უკვე არსებული დაძაბულობა რეგიონში და ურთიერთობა აშშ-სა და ირანს შორის.

ბაღდადში შეკრებილებს ხელში ეჭირათ ერაყის სახელმწიფო დროშები, ასევე „ჰაშდ შააბის“ - „სახალხო მობილიზაციის ძალების“ დროშები. ისინი გეგმავენ მსვლელობას ბაღდადის „მწვანე ზონიდან“ შიიტთა წმინდა ქალაქების ქარბალასა და ნაჯაფისაკენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ მოკლული გენერალი „გარდაუვალ და სასტიკ“ თავდასხმებს გეგმავდა აშშ-ის ინტერესების და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.

ტრამპის ეს განცხადება ოდნავ უსწრებდა წინ გავრცელებულ ცნობებს, რომ, ერაყის წყაროების თანახმად, 4 იანვარს, ღამით, ბაღდადის ჩრდილოეთში, კამპ ტაჯის მახლობლად დრონის მეშვეობით კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა პროირანული გასამხედროებული ჯგუფის კოლონაზე.

ერაყის არმიამ მოგვიანებით უარყო, რომ ასეთი თავდასხმა განხორციელდა.

ტრამპმა დაიცვა სოლეიმანის მოკვლის ბრძანება და თქვა, რომ ეს ქმედება „ომის შესაჩერებლად“ განახორციელა. „წუხანდელი აქტი ჩავატარეთ, რათა შეგვეჩერებინა ომი, ჩვენ ეს აქტი არ ჩაგვიტარებია ომის დასაწყებად“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ირანმა 3 იანვარს გაეროს გენერალურ მდივანს და გაეროს უშიშროების საბჭოს გაუგზავნა წერილი, სადაც წერია, რომ თეირანი „ინარჩუნებს ყველა უფლებას, საერთაშორისო სამართლის თანახმად პასუხი გასცეს მკვლელობას“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ახლოაღმოსავლელ და სხვა პარტნიორებთან წინა ორი დღის კონსულტაციების თაობაზე თქვა, „გულწრფელად რომ გითხრათ, ევროპელები არ დაგვეხმარნენ ისე, როგორც ამას ვისურვებდიო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG