Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა ჰონგ-კონგში თავისი წარმომადგენელი შეცვალა


საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და პოლიციის შეტაკება ჰონგ-კონგის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, 2019 ნოემბერი.
საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და პოლიციის შეტაკება ჰონგ-კონგის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, 2019 ნოემბერი.

ჩინეთის მთავრობამ საგანგებო სტატუსის მქონე ჰონგ-კონგში თავისი მაღალი რანგის წარმომადგენელი შეცვალა არეულობის ფონზე, რომელმაც რეგიონი შეარყია და პეკინთან ურთიერთობა დაძაბა. წარმომადგენლობის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დღემდე მყოფ ვან ჟიმინს შეცვლის ლუ უნიანი.

თანამდებობიდან ვანის გადაყენება, როგორც ჩინეთის ოფიციალური პირისა, რომელიც ჰონგ-კონგის საქმეებს უწევს მეთვალყურეობას, პეკინის მიერ გადადგმული ამგვარი ყველაზე აშკარა ნაბიჯია მასობრივი პროტესტების დაწყების შემდეგ.

ჰონგ-კონგში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო შარშან ზაფხულში, როცა სადავო კანონპროექტს განხილავდნენ. ეს კანონპროექტი გააიოლებდა ჰონგ-კონგიდან ჩინეთისთვის ეჭვმიტანილების გადაცემას. დემონსტრაციები სასტიკად ჩაახშეს და მათ მონაწილეებს, რომლებიც პეკინმა „ტერორისტებად“ შერაცხა, მკაცრი სასჯელები გამოუტანეს.

„წარმომადგენლობის ოფისს ბოლო თვეებში ბრალად დასდეს ჰონგ-კონგის ვითარების ერთობ არასწორი შეფასება, როცა ივნისში პეკინისთვის მოულოდნელი არეულობა დაიწყო“, - იტყობინებოდა ჰონგ-კონგის საზოგადოებრივი რადიო.

ჰონგ-კონგის ვითარებაში კარგად ჩახედული ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვანის გადაყენებას შეუძლია შეარბილოს კრიტიკა ჰონგ-კონგის აღმასრულებელი მმართველის, კერი ლემის მიმართ.

ჰონგ-კონგში გამართული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ავტონომიის საქმეებში ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის წინააღმდეგი არიან და უფრო ფართო დემოკრატიას მოითხოვდნენ ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში, რომელიც ჩინეთს გადაეცა.

ჰონგ-კონგი სერიოზულ ზომებს მიმართავს დაუდგენელი ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ვირუსი ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთიდან ჩასულმა პირებმა შეიტანეს.

არსებული ცნობით, ვირუსული პნევმონია მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანებს შეხვდა, მაგრამ იქ ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელმაც ჩინეთში ასეულობით ადამიანი დახოცა 2002-2003 წლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG