Accessibility links

logo-print logo-print

სერგეი ლავროვი და რუსეთის დელეგაცია, შესაძლოა, საქართველოს ეწვიონ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრება ევროსაბჭოს მინისტრთა ყოველწლიურ შეხვედრას ჰელსინკიში. 17 მაისი, 2019.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დელეგაციასთან ერთად, შესაძლოა, საქართველოს ეწვიოს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში.

საქართველო - როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას 2020 წლის 14-15 მაისს უმასპინძლებს.

მინისტრთა კომიტეტი შედგება ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან სტრასბურგში მათი მუდმივი წარმომადგენლებისგან.

2019 წელს გამართულ შეხვედრას ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ესწრებოდა სერგეი ლავროვი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არც უარყოფს და არც ადასტურებს ლავროვის - რომელსაც არაერთხელ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ - ვიზიტს.

"საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაში ვართ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება", - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მაისის მეორე ნახევრისთვის გრაფიკი ჯერ შედგენილი არ არის.

მინისტრთა კომიტეტი ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, სადაც მსჯელობენ ევროპულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად, კომიტეტი არის საბჭოს ფუნდამენტური ღირებულებების მცველი და ზედამხედველობს წევრი ქვეყნების ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG