Accessibility links

logo-print logo-print

ირანი ბირთვული შეთანხმების პირობებიდან კიდევ ერთი ნაბიჯით იხევს უკან


ირანის ბირთვული რეაქტორი არაქში, თეირანის მახლობლად. 2019 წლის 23 დეკემბერი

ირანმა განაცხადა, რომ ის აღარ დაემორჩილება შეზღუდვებს, რომლებიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით განისაზღვრა, და რომლებიც ბირთვული ცენტრიფუგების რაოდენობას ეხება.

ეს არის ირანის მეხუთე ნაბიჯი, რომელიც ამ ქვეყანამ გადადგა ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ.

თეირანმა, 2019 წლის მაისში, ერთი წლის შემდეგ მას მერე, რაც ვაშინგტონი გავიდა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის დადებული შეთანხმებიდან, გამოაცხადა, რომ ეტაპობრივად იტყვის უარს შეთანხმების პირობების შესრულებაზე.

თითოეული ეტაპისთვის ორ-ორი თვე იყო განსაზღვრული.

მეხუთე ეტაპის შემდეგ ვადები უკვე აღარ მოქმედებს.

მეხუთე ეტაპის, ცენტრიფუგების რაოდენობის ლიმიტირებაზე უარის თქმის შესახებ ირანმა გამოაცხადა ორი დღის შემდეგ მას მერე, რაც აშშ-ის საჰაერო თავდასხმის დროს მოკლეს ირანის მაღალი რანგის გავლენიანი სამხედრო მეთაური, გენერალი ყოსემ სოლეიმანი, რასაც მოჰყვა აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო მკვეთრი დაძაბვა.

თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა გამწვავდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის და ირანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შემდეგ. შეთანხმება ითვალისწინებდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ადრინდელი სანქციების გაუქმებას.

ირანის მთავრობა აცხადებს, რომ ის კვლავაც შეასრულებს შეთანხმების ყველა პირობას, თუ აშშ სანქციებს გაუუქმებს ირანს.

თეირანის პირობით, ის კვლავ ითანამშრომლებს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან. 2015 წლის შეთანხმებით, თეირანი, ბირთვული პრგრამის შეზღუდვასთან ერთად, შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო სააგენტოს ექსპეტებს, ეკონომიკური სანქციების გაუქმების სანაცვლოდ შეამოწმონ მისი ბირთვული ობიექტები.

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს აიძულოს ირანი, კვლავ დაჯდეს ბირთვული მოლაპარაკების მაგიდასთან და აცხადებს, რომ 2015 წლის შეთანხმება არ იყო საკმარისად მკაცრი იმისთვის, რომ ხელი შეშლოდა ირანს ბირთული იარაღის განვითარებაში, დათანხმებულიყო ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეჩერებას და შეეწყვიტა ახლო აღმოსავლეთში „პროქსი ძალების“ მხარდაჭერა.

ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო ენერგეტიკას ემსახურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG