Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალების აქტს გამოსცემს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საშობაოდ მსჯავრდებულებს შეიწყალებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 12 საათზე დანიშნულ ბრიფინგზე გაირკვევა, თუ რა კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს შეეხება შეწყალების აქტი და იქნება თუ არა მათ შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც 9 წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით. 2019 წლის 31 ოქტომბერს, სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.

დღემდე პრეზიდენტს პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული. სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება 18 სექტემბერს მიიღო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორის იყვნენ 18 წლის დავით ოთხმეზურის და ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. ამ ფაქტმა საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია.

18 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გამოდის ინიციატივით, გადაიხედოს შეწყალების წესი და ის პარლამენტში სამუშაო ჯგუფმა შეიმუშაოს: "აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით შეწყალების ახალ წესებს, რომელიც გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტიის წარმომადგენელი შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ შეწყალების იდეალურ წესებს, რათა აღარ მოხდეს საზოგადოების ასეთი შეშფოთება“.

19 სექტემბერს, პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

პროკურატურამ 20 სექტემბერს დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

26 ნოემბერს საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრძანებულება „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG