Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონბასის ტერიტორიაზე უკრაინის ორი სამხედრო დაიღუპა და ერთი დაიჭრა


უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში დონბასის ტერიტორიაზე უკრაინის ორი სამხედრო დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ამის შესახებ სამთავრობო ჯარების შტაბი იტყობინება. როგორც იუწყებიან, სეპარატისტებმა რამდენჯერმე დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი - მათ ცეცხლი გახსნეს აკრძალული კალიბრის ნაღმსატყორცნიდან, ასევე ტყვიამფრქვევებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან.

როგორც შტაბში აღნიშნავენ, ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო სნაიპერის შაშხანითაა მოკლული. კიდევ ერთი სამხედრო დაიღუპა, როცა სატვირთო მანქანა, რომელშიც ის იჯდა, ნაღმზე აფეთქდა. მაშინვე დაიჭრა კიდევ ერთი ჯარისკაცი. ინციდენტი მოხდა დასახლებული პუნქტის, ხუტორ სვობოდნის მახლობლად.

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტები აცხადებენ, რომ უკრაინის სამთავრობო ჯარებმა დღე-ღამის განმავლობაში ხუთჯერ დაარღვიეს ზავი. მათი თქმით, ცეცხლი გაუხსნეს შახტებს დონეცკის მახლობლად, ასევე სოფლებს - კომინტერნოვოსა და სახანკას. სეპარატისტებს ან მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლზე არ იტყობინებიან.

1 იანვარს აღმოსავლეთ უკრაინაში ძალაში შევიდა ზავი, რომელიც პარიზში შეათანხმეს „ნორმანდიის ოთხეულის“ სამიტზე. მაგრამ, შეთანხმების მიუხედავად, მას სრულფასოვნად არ იცავენ. კონფლიქტის მხარეები ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG