Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: ვინმეს სჯერა, რომ პატრიარქმა სთხოვა ზურაბიშვილს და მან უარი უთხრა?!


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმის ფაქტს.

„ითვალთმაქცა საპატრიარქომ, ითვალთმაქცა ზურაბიშვილმა (ყველაზე რბილი შეფასებაა) და, რა თქმა უნდა, ვინ, თუ არა ივანიშვილმა, რასაც ადრე თუ გვიან ნათელი მოეფინება, ამას ვერავინ დამალავს. უბრალოდ, საწყენია, რომ საპატრიარქოც კი ტყუილების გუდაში არის ჩაფლული. ვინმეს სჯერა, რომ პატრიარქმა სთხოვა სალომე ზურაბიშვილს და სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს უარი უთხრა?! ეს გამორიცხულია და, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო ბიძინა ივანიშვილთან.

სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა ის, რაც გააკეთა, არა უშავს, გაუძლებს ის ადამიანი [გიორგი მამალაძე] ციხეში და როცა იქნება, გამოვა და ბევრი საკითხის შესახებ ისაუბრებს. მორალური უფლება საიდან აქვს ზურაბიშვილს, ისაუბროს რაღაც კრიტერიუმების ვერდაკმაყოფილებაზე მამალაძის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მკვლელები ჰყავს შეწყალებული? მას პოლიციელის მკვლელი ჰყავს შეწყალებული“, - თქვა ნიკა მელიამ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით. დღეს, 6 იანვარს პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG