Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე პრეზიდენტის უარს ეხმაურება


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის გადაწყვეტილებას. EMC მიიჩნევს, რომ ის დასაბუთება, რომელიც პრეზიდენტს აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად, არარელევანტურია და აცდენილია თავად შეწყალების კონცეფციასა და მიზანს.

როგორც EMC აცხადებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას მისი ოჯახი და სასულიერო პირების ნაწილი, სახალხო დამცველი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პოლიტიკური ჯგუფები სასულიერო პირის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის, ციხეში სასჯელის მოხდის სირთულის და ასევე, ამ საქმეზე მართლმსაჯულების ფუნდამენტური ხარვეზების გამო მოითხოვდნენ.

ორგანიზაციის ცნობით, სასულიერო პირი უკვე რამდენიმე თვეა პარალიზებულია და სათანადო გადაადგილების შესაძლებლობა წართმეული აქვს. ზოგიერთი სამედიცინო ექსპერტი ციხის პირობებში მისი მკურნალობის და სასჯელის მოხდის სირთულეზე ღიად საუბრობს.

EMC-მ საქმეზე არსებით ხასიათის პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტების დარღვევაზე საკუთარ შეფასებაშიც უთითებდა, მათ შორის:

  • საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი მტკიცებულებების (დეკანოზის პირადი ნივთების და მათ შორის, მისი ჩემოდნიდან თითქოსდა ამოღებული ციანიდის) მოპოვების წესის ფუნდამენტურ დარღვევაზე, რის გამოც მათი ვალიდურობა და სანდოობა ეჭვქვეშ დადგა;
  • საქმის განხილვის დროს მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესის არსებით დარღვევაზე; სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი დარღვევაზე;
  • გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებული ბრალდების კვალიფიკაციის აშკარა პრობლემურობაზე;
  • გიორგი მამალაძის მიმართ მაღალი თანამდებობის პირების მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე.

EMC მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მის საჯარო განცხადებაში სამი ძირითადი არგუმენტი გამოიყენა. კერძოდ, მან მიუთითა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს მან გაითვალისწინა შემდეგი გარემოებები:

1. საქმის პოლიტიზირების კონტექსტი და შეწყალების შემთხვევაში საზოგადოებრივი დაპირისპირების გაღრმავების რისკები;

2. ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს განუყოფლობის იდეა და ეკლესიაზე თავდასხმის პრობლემურობა სახელმწიფოსთვის;

3. პატრიარქის ფიგურის განსაკუთრებული მნიშვნელობა და მისი ავტორიტეტის და სიცოცხლის ხელყოფის მიუღებლობა პირადად მისთვის. ყველა ეს არგუმენტი დაუსაბუთებელი და პრობლემურია, რადგან: 1. ცხადია, რომ დეკანოზის შეწყალებაზე უარი პირიქით კლერიკალურ წრეებში დაპირისპირებას გააღრმავებს და ამ საქმით უკმაყოფილო სასულიერო პირების წუხილებსა და საჯარო კრიტიკას გააძლიერებს;

2. ეკლესიისა და სახელმწიფოს განუყოფლობაზე მსჯელობა აშკარად ამოვარდნილია სეკულარული სახელმწიფოს იდეისგან და დეკანოზის ბრალდების და სასამართლო განაჩენის სუსტი დასაბუთების პირობებში თავდასხმაზე ღიად მსჯელობა საქმის სამართლებრივი და ფაქტორივი გარემოებების უგულებელყოფაა;

3. იმ პირობებში, როდესაც ოფიციალური ბრალდებით დაზარალებულ პირს პატრიარქის მდივარ-რეფერეტი შორენა თეთრუაშვილი წარმოადგენს, პატრიარქის სიცოცლის ხელყოფის არგუმენტის გამოყენება უადგილოა და ის იმეორებს ამ საქმეზე ხელისუფლების მიერ შექმნილ ძველ პოლიტიკურ ნარატივს, რომ მათ სპეციალური სამსახურების დახმარებით ვერაგული დანაშაულისგან იხსნეს სახელმწიფო, ეკლესია და უშუალოდ პატრიარქი. საქმის ამგვარი პოლიტიკური შინაარსი საბოლოოდ გამოძიებამვე უარყო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით. დღეს, 6 იანვარს პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG