Accessibility links

logo-print logo-print

პენტაგონში აცხადებენ, რომ ომის კანონებს არ დაარღვევენ


იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული პერსეპოლისი ირანში

ჩვენ დავიცავთ შეიარაღებული კონფლიქტების კანონებს - ასე უპასუხა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა ჟურნალისტების შეკითხვას, მართლაც მზად არის თუ არა შეერთებული შტატები იერიში მიიტანოს ირანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, როგორც ამას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულია.

აშშ-ის და ირანის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 3 იანვარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, ამერიკელმა სამხედროებმა საჰაერო იერიში განახორციელეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი იმყოფებოდა. 62 წლის სოლეიმანი „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შემადგენლობაში მყოფი „ყუდსის ძალების“ სარდალი იყო. „ყუდსი“ უცხოეთის ქვეყნებში მოქმედებს.

საჰაერო ოპერაციის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულია მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ირანი აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ბოლო დღეებში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორჯერ განაცხადა, რომ თუ თეირანი შურისძიებას გადაწყვეტს, აშშ იერიშს მიიტანს ირანის ობიექტებზე, მათ შორის კულტურის ძეგლებზე. ირანში 20-ზე მეტი ძეგლია, რომელსაც იუნესკო მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG