Accessibility links

logo-print logo-print

თორნიკე მამალაძე: მეუფე დიმიტრი ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებს


ეპისკოპოსმა, რომელმაც საშობაო წირვა ჩაატარა, წირვის შემდეგ გამოდის და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, - ასე გამოეხმაურა მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის განცხადებას, რომელმაც თორნიკე მამალაძე „ქოსატყუილობაში“ დაადანაშაულა.

თორნიკე მამალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა და პატრიარქმა პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი უთხრა.

„მეუფე დიმიტრისგან სხვა გამოხმაურებას არც ველოდი. მან მეუფე პეტრე დეკანოზის გათავისუფლების ხელისშეშლაში დაადანაშაულა. თუკი მეუფე პეტრეს, ადამიანს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება და გათავისუფლებულია სინოდიდან, უფრო დიდი ძალა შესწევს და მან არ გაათავისუფლებინა ჩემი ძმა, გამოდის, რომ ის უფრო გავლენიანი და ძლიერია ვიდრე თავად პატრიარქი და სინოდის წევრები? ეს არის აბსურდი. მეუფე დიმიტრი თვითონ იტყუება, თვითონ ამისამართებს ადამიანებს და ცილისმწამებელი გამოდის ეპისკოპოსი, რომელმაც თვითონ ჩაატარა საშობაო წირვა. წირვის შემდეგ გამოვიდა და ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა. თავად მიხედოს თავის ცილისმწამებლურ და მატყუარა განცხადებებს“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა 6 იანვარს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, თუ როგორ მიაწოდა ორმა ადმიანმა ერთი და იგივე შინაარსიის ინფორმაცია პარტიარქსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის შემდგარი საუბრის შესახებ, რომელიც გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს შეეხებოდა.

„პატრიარქმა პრეზიდენტს ჩემი ძმის შეწყალებაზე უარი უთხრა. ეს ინფორმაცია მე მაქვს საპატრიარქოში მოღვაწე იმ ადამიანებისგან, ვინც სიმართლეს ემსახურებიან და ვინც ამ შეხვედრის დროს 3 მეტრის რადიუსში იმყოფებოდნენ პატრიარქისგან და პრეზიდენტისგან. ორმა ადამიანმა მომაწოდა მე ეს ინფორმაცია, ორივემ ერთი და იგივე“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კი თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ის პატომრობაში მყოფ ძმას, დიდი ალბათობით, ხვალ შეხვდება და მათ ხელთ არსებული ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებენ.

„ჩვენი მიზანი უფრო მეტი ინფორმაციისა და სიმართლის მიწოდებაა საზოგადოებისთვის, ვიდრე ეს აქამდე მომხდარა. უახლოეეს დღეებში ყველა იმ ინფორმაციის გასაჯაროებას ვაპირებთ, რაც ჩვენს ხელთ არსებობს“,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, რომ დეკანოზ მამალაძის გათავისუფლების მსურველებს შორის, ერთ-ერთი საპატრიარქოა .

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით. დღეს, 6 იანვარს პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG