Accessibility links

logo-print logo-print

ვოლსკი 24 წლის კაცის მკვლელობაზე: არ შეიძლება, ეს დანაშაული სისტემურ ხარვეზად განვიხილოთ


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 24 წლის მურად წურწუმიას საქმის შესახებ საუბრობს. დანაშაულში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

„ყველა დაკავებული იქნება, ვინც ამაში ფიგურირებს. არ შეიძლება, რომ ეს კონკრეტული დანაშაული სისტემურ ხარვეზად განვიხილოთ. საქართველოს ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუსტ სტატისტიკას აწარმოებს დანაშაულებების და მძიმე დანაშაულებები, მადლობა ღმერთს, მნიშვნელოვნად შემცირებულია. სამწუხაროდ, დანაშაულებებს სჩადიან ადამიანები, მათ შორის, განვითარებულ დემოკრატიებსა და საქართველოშიც”, - ამბობს გია ვოლსკი.

პროკურატურის ცნობით, თბილისში 2 იანვარს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულია შსს-ს მოქმედი თანამშრომელი.

6 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ ზურაბ ფოფხაძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოფხაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოკლულის ოჯახის წევრები საქმის კიდევ ერთი ფიგურანტის დაკავებას მოითხოვენ.

ამ საკითხზე პროკურორმა დავით გუმბერიძემ შემდეგი რამ თქვა: „მე არ ვაპირებ დეტალურად იმაზე საუბარს, რა მოქმედებებს ასრულებდა ეს პირი კონკრეტულად შემთხვევის დროს. ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება შეაფასებს სრულყოფილი გამოძიების ჩატარების შემდგომ. ეს სრულყოფილი გამოძიება ამ პირთან მიმართებაში ჩატარდება ძალიან მალე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG