Accessibility links

პომპეომ დაიცვა ტრამპი და განაცხადა, რომ სოლეიმანი ხელმძღვანელობდა ამერიკელებზე თავდასხმის სამზადისს


მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სიცრუე უწოდა ირანული წყაროებით გავრცელებულ ცნობებს, თითქოს აშშ-ის საავიაციო დარტყმის შედეგად ერაყში მოკლული ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი, ერაყში „დიპლომატიური მისიით“ იმყოფებოდა.

სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მაიკ პომპეომ დაიცვა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ ერაყში მყოფი სოლეიმანი იქ მყოფ ამერიკელებსა და სხვა პირებზე თავდასხმის სამზადისს უწევდა ორგანიზებას.

სახელმწიფო მდივანმა 7 იანვარს ასევე აღნიშნა, რომ ირანი თავისი ქმედებით ძირს უთხრის ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესს.

„ირანმა უარი თქვა მშვიდობის მიმართულებით მიღწეულ რეგიონულ კონსენსუსზე და აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს სამშვიდობო პროცესს, ექსტრემისტული დაჯგუფებებისადმი თავისი გრძელვადიანი საერთაშორისო მხარდაჭერით“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.

მანამდე ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ „რეგიონში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების შესახებ“ აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, მარკ ესპერთან, გამართა სატელეფონო საუბარი.

„ორივენი შევთანხმდით, რომ დროა სასწრაფოდ მოხდეს დეესკალაცია აშშ-სა და ირანის ისლამურ სახელმწიფოს შორის“, - წერს ავღანეთის პრეზიდენტი საკუთარ ტვიტერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG