Accessibility links

logo-print logo-print

თეირანის ცნობით, "ბოინგის" კატასტროფის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა ირანელია


„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის მგზავრებს შორის 147 ირანელი იყო და 32 უცხოელი - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნა“ იუწყება სამოქალაქო ავიაციის სამმართველოზე დაყრდნობით.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინული მედიასაშუალებები. გამოცემები „ინსაიდერი“ და „ობოზრევატელი“ წერენ, რომ „ბოინგში“ იმყოფებოდა უკრაინის 15, ირანის 71, კანადის 73, შვედეთის 8, ავღანეთის 6, გერმანიის 4 და დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქე.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდა უკრაინის 11 მოქალაქე - 2 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავი "ბოინგ 737" დღეს, 8 იანვარს ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაციით, „ბოინგში“, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. წინასწარი ვერსიით, კატასტროფა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია.

სამგზავრო "ბოინგის" ჩამოვარდნამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ ამერიკულ ავიაკომპანიებს აუკრძალა ფრენა ერაყის, ირანის და სპარსეთის და ომანის ყურეთა საჰაერო სივრცეში.

ფედერალურმა სააგენტომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 8 იანვარს, ირანმა სარაკეტო იერიშები განახორციელა ერაყის ბაზებზე მყოფი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

ამ სამხედრო სამხედრო ოპერაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულია მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ირანი აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG