Accessibility links

site logo site logo

ირანი ირწმუნება, რომ ერაყში 80 ამერიკელი სამხედრო მოკლა


ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერაყში ამერიკულ ბაზაზე 8 იანვარს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლულია სულ მცირე 80 „ამერიკელი ტერორისტი“ და სერიოზული ზიანი მიადგა ამერიკულ სამხედრო ვერტმფრენებსა და სხვა ტექნიკას.

ირანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ამერიკულ ბაზას ესროლა 15 რაკეტა და არცერთი მათგანი მოგერიებული არ ყოფილა. სახელმწიფო ტელევიზიას მოჰყავს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსნის განცხადება, რომ თუ ვაშინგტონი საპასუხო შეტევას გადაწყვეტს, თეირანი მზად არის იერიში მიიტანოს კიდევ 100 ამერიკულ ობიექტზე.

ამასთან, ტელეკომპანია CNN-ი ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერაყში განთავსებული ადრეული შეტყობინების სისტემით წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი მოსალოდნელი სარაკეტო იერიშის შესახებ და მიწისქვეშა თავშესაფარში ჩასვლის შესაძლებლობა ჰქონდათ.

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგების შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ერაყში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას ირანმა უწოდა შურისძიება გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის.

3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

ამ სამხედრო სამხედრო ოპერაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულია მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა.

8 იანვარს, ერაყში ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ირანის სარაკეტო იერიშის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა: „ყველაფერი კარგად არის! რაკეტები გაშვებულია ირანისგან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზისკენ. ახლა მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზიანის შეფასება. ჯერჯერობით კარგად არის საქმე! დღესდღეობით, ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი სამხედრო ძალა მსოფლიოში! ხვალ დილით გავაკეთებ განცხადებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG